ირაკლი ღარიბაშვილი: ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და უკრაინელი ხალხისადმი, რასაც ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში

ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და უკრაინელი ხალხისადმი, რასაც ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„მოგესალმებით ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, პატივცემულო დეპუტატებო.
დიდი პატივია ჩემთვის თქვენს წინაშე გამოსვლა. კიდევ ერთხელ გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებმაც მომმართეს კითხვით. კითხვა, როგორც უკვე აღინიშნა, შეეხებოდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, საომარ მოქმედებებს და ამასთან დაკავშირებით სანქციების საკითხს.

კითხვა ასე იყო ფორმულირებული – რა სამართლებრივ და ადმინისტრაციულ ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოში რეგისტრირებული ფიზიკური და იურიდიული პირების თუ სხვა სუბიექტების გამოყენებით არ მოხდეს აღნიშნული სანქციების რეჟიმის დარღვევა რუსეთის ფედერაციისა და მათი წარმომადგენლების მიერ. დიდი მადლობა ამ კითხვისთვის.

პირველ რიგში, მე მინდა ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ შევახსენო ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ოპოზიციას, იმ ღონისძიებების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ერთობლივად განახორციელეს. სანამ ამ კითხვაზე დეტალურ პასუხს გავცემ, მე მინდა კიდევ ერთხელ მოკლედ და მკაფიოდ ჩამოვაყალიბო ჩვენი პოზიცია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია რა თქმა უნდა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების და ასევე, გაერო-ს ქარტიის უხეშ დარღვევას, რაც აქამდე არნახულ გამოწვევას უქმნის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. ამ ვითარებაში, ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და უკრაინელი ხალხისადმი, რასაც ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში.

სხვაგვარად რა თქმა უნდა შეუძლებელია, რადგან უკრაინასთან ჩვენ გვაქვს ისტორიული მეგობრობა, ჩვენ ქვეყნებს აქვთ საერთო ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები”, – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო, დაგმო სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი განზრახვა. „ჩვენი ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა მრავალ საჯარო განცხადებაში ხაზგასმით დავგმეთ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია.
საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო, დაგმო სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი განზრახვა. 6 აპრილს, კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ოპოზიციას, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონი შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში ჩავიდა და უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან ერთად, ომით დაზარალებული ქალაქები, ბუჩა და ირპენი მოინახულა”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები