კობახიძე – პრეზიდენტზე: სირცხვილი მისი განცხადებაა და პრობლემაა, როცა არ იცი, 26 მაისს რაზე ისაუბრო
მე მგონი, სირცხვილი სწორედ პრეზიდენტის განცხადება იყო – 26 მაისს, საზეიმო დღეს როცა არ იცი, რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, – ასე გამოეხმაურა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სასამართლოს შესახებ პრეზიდენტის განცხადებას, სადაც სალომე ზურაბიშვილი სასამართლოს სამართლიანობის მრავალსაუკუნოვან ისტორიაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სირცხვილია, როცა დღეს ეს მემკვიდრეობა არ გრძელდება.
კობახიძის თქმით, პრეზიდენტი უარგუმენტოდ შეუერთდა სასამართლო სისტემის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიას, რაც არის პრობლემა.
კითხვაზე, ხომ არ ფიქრობს მმართველი გუნდი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე, კობახიძემ უპასუხა, რომ ამ განცხადებებში იმპიჩმენტის საფუძველი არ არის.
“სასამართლოსთან დაკავშირებულ განცხადებას რაც შეეხება, მე მგონი, სირცხვილი სწორედ ეს განცხადება იყო, ამას ვამბობთ ძალიან პირდაპირ და თამამად. ჯერ ერთი, 26 მაისს, საზეიმო დღეს როცა არ იცი, რაზე უნდა ისაუბრო, ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა. ამაზე უნდა მივანიშნოთ საქართველოს პრეზიდენტს იმისათვის, რომ დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი. რაც შეეხება სასამართლოს, როცა საქართველოს პრეზიდენტი უერთდება სრულიად უარგუმენტო კამპანიას სასამართლო სისტემის წინააღმდეგ ყოველგვარი არგუმენტების გარეშე, ეს არის სერიოზული პრობლემა, თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, უფრო სწორად ეს ასეა, რომ ამ განცხადებით, მან სცადა სასამართლო სისტემის, ამ ინსტიტუტის რეპუტაციის დაზიანება, თუმცა, სინამდვილეში დააზიანა პრეზიდენტის ინსტიტუტი. ეს არის რეალობა. ჯერ კონტექსტი უნდა იცოდე როდის რა განცხადება გააკეთო და მეორე – როცა ოპოზიცია აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს, ეს ერთია, მაგრამ როცა პრეზიდენტი აკეთებს არგუმენტების გარეშე განცხადებებს და თავს ესხმის სახელმწიფო ინსტიტუტს, ეს სერიოზული პრობლემაა და სერიოზული გადახვევა იმ როლიდან რაც აქვს პრეზიდენტს, როგორც ინსტიტუტების გარანტს. თუმცა, ეს შეიძლება აღსანიშნიც არ ყოფილიყო იმ ფონზე, როცა გუშინ მან პრაქტიკულად აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი მოიხსენია როგორც მეზობლები და საუბარი ჰქონდა მათ სუვერენობაზე, ამ ფონზე სასამართლოსთან დაკავშირებული განცხადება არის არაფერი,”- განაცხადა კობახიძემ.