ილია დარჩიაშვილი: პარტნიორი ქვეყნებიდან პოზიტიური განწყობებია, ყველა აღიარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალსა და ევროპულ პერსპექტივას
ორმხრივ ფორმატებში გამართული ყველა შეხვედრა, რომელიც გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრის საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ოპტიმიზმით არის სავსე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, პარტნიორი ქვეყნები აღიარებენ საქართველოს ევროპულ მომავალს და ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას.
“თითოეული ჩვენი პარტნიორი, რომელიც წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, ეს განწყობები კვლავ ადგილზეა, არსად წასულა. ეს გვაძლევს დიდ ოპტიმიზმს იმისას, რომ პარტნიორებს, როდესაც საკითხი დადგება, გადაწყვეტილების მიღების დროს, ექნებათ თავისი კონკრეტული ხმა საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარებისთვის.
მინდა, დაგარწმუნოთ, ყველა ორმხრივ შეხვედრებში ჩვენს პარტნიორებთან, რაც მე გავმართე ბოლო ერთის თვის განმავლობაში, ყველგან არის ოპტიმიზმი, ყველა აღიარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას ჩვენი პარტნიორები ხედავენ ევროპულ ოჯახში საქართველოს. ამდენად, ეს კომპონენტი მნიშვნელოვანია, იმ გადაწყვეტილებების ფორმატში, რომელიც გაიმართება. გენერალური გადაწყვეტილება როდესაც იქნება, იქ ძალიან რთულია წინასწარ პროგნოზები. ჩემი მხრიდან, ალბათ, იქნება არასწორი კონკრეტული პოზიციონირება გავაკეთო ამ საკითხზე, თუმცა, მინდა, დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად პოზიტიური განწყობებია ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან”, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.