საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებისთვის ბიომეტრიული პასპორტების გაცემა დაიწყება

  ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის მქონე პასპორტების გაცემა საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვისაც დაიწყება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო ერთობლივ განცხდებას ავრცელებენ.
მათი ინფორმაციით, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტების გაცემაზე გადასვლა დღის წესრიგში ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში დგას.
“ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის თანახმად, საქართველოს ერთ-ერთ ვალდებულებას წარმოადგენს არაბიომეტრიული მონაცემების შემცველი პასპორტების ბიომეტრიული მონაცემების შემცველი პასპორტებით სრულად ჩანაცვლება. უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი ტიპის პასპორტები საქართველოს ტერიტორიაზე უკვე გაიცემა. შესაბამისად, დღის წესრიგში დგას საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების მიერ ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის პასპორტების გაცემაზე გადასვლა.
ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ტექნიკური და პროგრამული საშუალებების საბოლოო გამართვა და ადამიანური რესურსის გადამზადება, რის გამოც საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულოებში პასპორტების გაცემაზე მოქალაქეთა განაცხადებების მიღება შეჩერებულია 2014 წლის 10 აგვისტომდე.
10 აგვისტოდან საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში განახლდება განაცხადების მიღება და მოხდება მხოლოდ ბიომეტრული მონაცემების შემცველობის მქონე პასპორტების გაცემა. კანონის თანახმად, ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის გარეშე პასპორტის გაცემა შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქის ჯანმრთელობის ან ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, შეუძლებელია მისგან ბიომეტრიული მონაცემების მიღება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო და იუსტიციის სამინისტრო თხოვნით მიმართავს საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაგებით მოეკიდნონ საზღვარგარეთ ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის მქონე პასპორტების გაცემის პროცესში, პირველ ეტაპზე წარმოქმნილ შესაძლო შეფერხებებს.
“სრული ინფორმაცია, საზღვარგარეთ ბიომეტრიული მონაცემების შემცველობის მქონე პასპორტების მიღების თაობაზე განთავსებული იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდებზე”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები