რა უნდა ვიცოდეთ ზურაბ ჟვანიას სახელობის ადმინისტრირების სკოლაზე
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა, საქართველოში მცხოვრები ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისა და ქართული ენის შესწავლით დაინტერესებული სხვა პირებისთვის (ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირები), სახელმწიფო ენის სწავლებისა და მათი ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის მიზნით, ახორციელებს სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას.
პროგრამა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ეფუძნება ქართული ენის ფლობის დონეების ზოგად აღწერილობას და ითვალისწინებს ქართული ენის სწავლებას სხვადასხვა ენობრივ დონეზე.
პროგრამის განხორციელებით სკოლა თანაბარ შესაძლებლობებს უქმნის საქართველოში მცხოვრებ ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და ქართული ენის შესწავლით დაინტერესებულ სხვა პირებს, განურჩევლად მათი ეროვნული/ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური მრწამსისა, სოციალური სტატუსისა დაეუფლონ სახელმწიფო ენას სასურველ დონეზე, გაუჩნდეთ მოტივაცია შემდგომში ენის სრულფასოვანი შესწავლისთვის, ინტეგრირდნენ ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში და შეძლონ თავიანთი წვლილის შეტანა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში.
დღეის მდგომარეობით სკოლაში ხორციელდება მრავალფეროვანი პროგრამები და კურსები, სულ 27 სასწავლო კურსი, მათ შორის – 16 დარგობრივი მიმართულების. სწავლება ხორციელდება როგორც დასწრებით, ასევე, დისტანციურად, ბენეფიციარებზე ორიენტირებული სწავლა-სწავლების მეთოდების გამოყენებით.
2014 წლიდან დღემდე პროგრამებით ისარგებლა ეროვნული უმცირესობის 23 000-ზე მეტმა წარმომადგენელმა, მათ შორის 6857-მა პედაგოგმა.
სკოლა მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმატებით ახორციელებს სახელმწიფო ენისა და ინტეგრაციის სწავლების პროგრამას, მუდმივად მუშაობს პროგრამების განვითარებაზე და და არის ინოვატორი სახელმწიფო ენის სწავლების მიმართულებით.
ჟვანიას სკოლის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობა. სკოლა 2019 წლიდან მუშაობს ინტეგრაციის კომპონენტის გაძლიერებასა და შესაბამისი რესურსის განვითარებაზე – მათ შორის ტრენერთა კორპუსის მომზადება/გადამზადებაზე.
სწორედ აღნიშნული მიზნით, 2020 წლის ბოლოს, სკოლამ დაიწყო პროგრამის „სახელმწიფო ენის ელჩების“ შემუშავება. პროგრამა შეიქმნა სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით და არის უპრეცენდენტო, იგი სრულიად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და მოიცავს სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო განათლების თემებს. პროგრამაში ჩართული იყო 20 მონაწილე საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. მათ გაიარეს 6-თვიანი გადამზადება და 13 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა პროგრამის პირველი ნაკადის წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვა. სახელმწიფო ენის ელჩები დასაქმდებიან სკოლის ბაზაზე.
ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო, გაიზარდა უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეთა მომართვიანობა. სკოლა ბათუმში მცხოვრებ უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებს, რომელთაც ქართული ენის სწავლის სურვილი გამოთქვეს, სპეციალურად მათზე მორგებულ სასწავლო პროგრამას სთავაზობს. ამჟამად, 25 უკრაინელი მოქალაქე გადის საანბანო კურსს და ეუფლება ქართული ენის საწყისებს.
სკოლა, მიუხედავად გაზრდილი მომართვიანობისა, მზადაა, მიიღოს ყველა მსურველი განურჩევლად მისი ეთნიკური/ეროვნული წარმომავლობისა და სახელმწიფო ენის სწავლების და ინტეგრაციის პროგრამის განხორციელებით ხელი შეუწყოს მოქალაქეთა საზოგადოებაში ინტეგრაციას. http://www.zspa.ge/geo/registration
R