ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ამოცანაა, რომ დაეხმაროს უკრაინას და არ დაუშვას ომის ესკალაცია.
აღნიშნულის შესახებ სტოლტენბერგმა ბერნძულ გამოცემა Capital-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომი შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, რისთვისაც ნატოს ყველა მოკავშირე და პარტნიორი მზად უნდა იყოს.
„მინდა ვთქვა, რომ ომები არაპროგნოზირებადია. ზუსტად ვერავინ იტყვის, როდის და როგორ დასრულდება ეს ომი, მაგრამ რაც ვნახეთ, რა თქმა უნდა, უკრაინელი ჯარისკაცების გამბედაობა და პროფესიონალიზმია. ჩვენ ვნახეთ უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობის სიმამაცე პრეზიდენტ ზელენსკისთან. შემდეგ ჩვენ დავინახეთ, რა თქმა უნდა, უკრაინელი ხალხის გამბედაობა. ამან, ნატოს მოკავშირეებისა და პარტნიორების უპრეცედენტო სამხედრო მხარდაჭერასთან ერთად, საშუალება მისცა მათ წინააღმდეგობა გაეწიათ რუსეთის შემოჭრისთვის. მსოფლიოში შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რისი მიღწევაც უკრაინელებმა შეძლეს.
ეს ომი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ამიტომ, მე მოვუწოდებ მოკავშირეებს, მზად იყვნენ ხანგრძლივი მხარდაჭერისთვის და მომარაგების უზრუნველყოფისთვის. ნატოს ორი ამოცანა აქვს. ერთი არის უკრაინის მხარდაჭერა. სწორედ ამიტომ ჩვენ, ნატოს მოკავშირეები და პარტნიორები, ევროკავშირი და ავსტრალია, ისევე როგორც მრავალი სხვა ქვეყანა, მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუწევთ. მეორე ამოცანაა ომის ესკალაციის თავიდან აცილება. ნატოს მთავარი ვალდებულება ყველა მოკავშირე ქვეყნის, ნატოს ქვეყნებში მცხოვრები მილიარდი ადამიანის დაცვაა. ამისთვის საჭიროა, რომ ომის ესკალაცია არ დავუშვათ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.