ანრი ოხანაშვილი: სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის მიმართულებით ვაკმაყოფილებთ ყველა იმ სტანდარტს, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლადაა საჭირო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის მიმართულებით საქართველო ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, რომელიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლადაა საჭირო.

მისივე თქმით, საქართველოში 2012 წლიდან მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა.

სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის მიმართულებით ვაკმაყოფილებთ ყველა იმ სტანდარტს, რომელიც საჭიროა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. 2012 წლიდან ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებების გატარება მოგვიწია. „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო და გაატარა საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც ვენეციის კომისიამ შეაფასა, როგორც პროგრესული რეფორმა. ეს ასევე პოზიტიურად არის შეფასებული ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში, 2022 წლის აპრილის თვეში. ჩვენ მივიღეთ ახალი რეგლამენტი, რომელმაც გააუმჯობესა მთავრობაზე საზედამხედველო ფუნქცია და რომელსაც აქტიურად იყენებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. პირველად საქართველოს ისტორიაში, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე ოპოზიციის ხელმძღვანელობით საგამოძიებო კომისია შეიქმნა. ჩვენ შევძელით და განვახორციელეთ საარჩევნო რეფორმა, რომელმაც უზრუნველყო ოპოზიციის მეტი წარმომადგენლობა ყველა დონის საარჩევნო კომისიაში და მაქსიმალურად აზღვევს ყველა ტიპის მანიპულაციას. ეს ქმნის ფუნდამენტურ საფუძველს, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის მიმართულებით ვაკმაყოფილებთ ყველა იმ სტანდარტს, რომელიც საჭიროა კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები