1918 წლის 26 მაისი, ეროვნული საბჭოს სხდომა – რა ხდებოდა შენობაში და შენობის გარეთ

მოქალაქენო! დღეს თქვენ აქ მოწმე იყავით ერთი ისტორიულის, იშვიათის და ამავე დროს ტრაგიკული აქტისა. ამ დარბაზში მოკვდა ერთი სახელმწიფო და აი, ახლა ამავე დარბაზში ეყრება საფუძველი მეორე სახელმწიფოს. ამ ორი სახელმწიფოს შორის, რომელთაგანაც ერთი მოკვდა და მეორე იბა­დე­ბა, შე­უძ­ლე­ბე­ლია ყო­ფი­ლი­ყო ინ­ტე­რეს­თა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა. და თუ ოდეს­მე პირ­ვე­ლი აღ­სდგე­ბა მკვდრე­თით, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი უნდა ვი­ყოთ, მათ შო­რის მუ­დამ იქ­ნე­ბა ინ­ტე­რეს­თა თან­ხმო­ბა.

საქართველოს ახალი სახელმწიფო, რომელიც დღეს არსდება, არ იქნება მიმართული არც ერთის ერის, არც ერთის ხალხის, არც ერთის სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისი მიზანია დღევანდელი ისტორიული ქარტეხილებისაგან დაიფაროს თავისი თავი და როცა ამას მოახერხებს, იგი დაეხმარება სხვებსაც, ვინც ჩვენს ქვეყანასთან ერთად ჩავარდა დიდი განსაცდელში.

თქვენ კარგად იცით, საქართველო ჩვეულია ბრძოლას თავისის არსებობის დასაცავად. ის საუკუნოებით იბრძოდა, რათა თავისი სულიერი ვინაობა, ნაციონალური ორგანიზმი და ტერიტორია შეენარჩუნებინა. მაგრამ იგი იბრძოდა მხოლოდ თავის დასაცავად და არ ებრძოდა სხვის არსებობას.

ამასთანავე იგი იბრძოდა არა მარტო ქართველთათვის, არამედ იმ ერებისათვისაც, რომელნიც მოსახლეობდნენ მის სახელმწიფოებრივ ფარგლებში. მეტსაც ვიტყვი, ის იბრძოდა თავისი ფარგლების გარეც აგრეთვე სხვების დასაცავად. ეს დიადი ისტორიული მაგალითი ცხოველმყოფელ ანდერძად დარჩა ქართველ ხალხს და ეს სრული გარანტიაა იმისა, რომ დღევანდელ ქართველ ერს შერჩენილი აქვს მისი ძირითადი ისტორიული მიდრეკილება – შეუსაბამოს თავისი ინტერესები სხვა ერთა ინტერესებს. სწორედ ამიტომ არც ერთი ერი ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები, თუ ჩვენი სახელმწიფოს გარე მყოფი, არ უნდა განიცდიდეს ჩვენ გამო რაიმე აღელვებას, სულიერ მტკივნეულობას და წყენას.

განა დღეს სეიმში არ განაცხადეს ორატორებმა, რომ არ არის ისეთი ერი, რომელიც ცუდად იხსენიებდეს ქართველ ერს? ეს არის იმის თავმდები, რომ ახალი სახელმწიფო, ახალი მთავრობა სავსებით გაამართლებენ ამ იმედებს. მსურს ვიქონიოთ მეგობრული ურთიერთობა ჩვენს გარეთ და ჩვენს შორის მყოფ ერებთან. განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ იმ ერის დიდ ტრაგედიას, რომლის ერთი ნაწილი ჩვენს ტერიტორიაზე ცხოვრობს, ხოლო მეორე ნაწილი ჩვენს გარეთ. ეს არის სომხობა. ძველს ანდერძს დღევანდელი ქართველობაც გაიხსენებს და სომხის ერი იმავე მფარველობას პოვებს ჩვენში, რომელსაც პოვებდა იგი ქართველ მეფეთა შორის.

ჩვენ გვსურს კეთილგანწყობაში ვიყოთ ამიერკავკასიის მოსახლეობის დიდ უმრავლესობასთან – მუსულმანებთან. ჩვენ გვინდა, რომ მათ მოგვბაძონ, დაიარსონ ასეთივე სახელმწიფო და შეერთების ხელი გამოგვიწოდონ. ამასთანავე ეს მეგობრული დამოკიდებულება ჩვენს გარშემო მყოფი ერებისა იქნება მკვიდრი საფუძველი, რომელიც გაამაგრებს ჩვენს ნორჩ სახელმწიფოს და აგრეთვე ამ ერებსაც და საშუალებას მოუსპობს ჩვენს საერთო მოქიშპეთ წიხლი ჩაგვცენ და დაგვანგრიონ.

ჩვენს სახელმწიფო ფარგლებში მოსახლეობს სხვადასხვა ერის უმცირესობა. ვაცხადებთ, რომ ეროვნული უმცირესობანი იქნებიან ისევე უფლებამოსილნი, როგორც იქნება ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული უმრავლესობა – ქართველობა. ეს ერნი, შეერთებულნი ერთის დროშის ქვეშ, შეჰკრავენ კავშირს იმ ერებთან, რომელნიც ჩვენის ქვეყნის ფარგლების გარეთ იმყოფებიან, და ამით წარმოიშვება ის სახელმწიფოებრივი კავშირი, რომელიც აღადგენს აქ ჩვენს წინაშე დაღუპულს სახელმწიფოს. ეს სახელმწიფო იქნება კავკასიის კონფედერაციული კავშირი.

ამრიგად, ჩვენი სავალი გზა, ჩვენი იდეალი უნდა იყოს ამ კავშირის შედგენა. ეს კავშირი იქნება ის სახელმწიფოებრივი ორგანიზმი – სახელმწიფოთა კავშირი, რომელიც საერთო ძალ-ღონე შეკრებილი, მთლიანი წარსდგება გარეშე მტრის წინაშე და დაიცავს თავის თავს. აი, მაშინ შეიძლება აღსრულდეს ის, რაც სეიმმა ვერ შექმნა. და ის, ვინც ახლა შეუგნებლად მიდის ამიერკავკასიის ფარგლების გარეთ, შესაძლებელია კვალად მოუბრუნდეს და საერთო დროშის ქვეშ დადგეს. ამით დამყარდება ამიერკავკასიის ერთობა და აქ მოსახლე ერების ძლიერება“, ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მომავალმა, მეორე თავმჯდომარემ (პირველი – ნოე რამიშვილი) ეროვნულ საბჭოს წევრებს 1918 წლის 26 მაისს, გოლოვინის (ამჟამინდელი რუსთაველის) გამზირზე, კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში. აქ თავისი უკანასკნელი სხდომა ჩაატარა ამიერკავკასიის სეიმმა. ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოცხადდა. იმავე დარბაზში შედგა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა, რომელიც გაიხსნა 4 საათსა და 50 წუთზე, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ერთხმად დაამტკიცა „საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი“.

კრებას დაისწრო 42 წევრი და 36 კანდიდატი.  შენობაში უამრავი ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის, სხვადასხვა ერის წარმომადგენლები, მაგალითად – გერმანიის ჯარის უფროსი ოფიცერი გრაფი შულენბურგი. იქვე იყვნენ თბილისის მიტროპოლიტი ლეონიდე, სამღვდელო ამალასთან ერთად, და ქართველი სამხედროები. სასახლის წინა მოედანი და ახლომახლო ქუჩები ხალხით იყო გადაჭედილი. სასახლის ბანზე აღმართული იყო საქართველოს ეროვნული დროშა.

მას შემდეგ, რაც ნოე ჟორდანიამ დამსწრეებს სიტყვით მიმართა, გააცნო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტიც.

„მრავალ საუკუნეთა განმავლობაში საქართველო არსებობდა, როგორც დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფო.

მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავისის ნებით შეუერთდა რუსეთს იმ პირობით, რომ რუსეთი ვალდებული იყო საქართველო გარეშე მტრისაგან დაეცვა.

რუსეთის დიდი რევოლუციის მსვლელობამ რუსეთში ისეთი შინაგანი წყობილება შეჰქმნა, რომ მთელი საომარი ფრონტი, სრულიად დაიშალა და რუსის ჯარმაც დატოვა ამიერკავკასია.

დარჩნენ რა თავიანთი ძალ-ღონის ამარა, საქართველომ და მასთან ერთად ამიერკავკასიამ თვით იდვეს თავს საკუთარი საქმეების გაძღოლა და პატრონობა და შესაფერი ორგანროებიც შეჰქმნეს, მაგრამ გარეშე ძალთა ზეგავლენით ამიერკავკასიის ერთა შემაერთებელი კავშირი დაირღვა და ამით ამიერკავკასიის პოლიტიკური მთლიანობაც დაიშალა.

ქართველი ერის დღევანდელი მდგომარეობა აუცილებლად მოითხოვს, რომ საქართველომ საკუთარი სახელმწიფოებრივი ორგანიზაცია შეჰქმნას, მისი საშუალებით გარეშე ძალის მიერ დაპყრობისაგან თავი გადაირჩინოს და დამოუკიდებელი განვითარების მტკიცე საფუძველი ააგოს.

ამისდა თანახმად, საქართველოს ეროვნული საბჭო, 1917 წლის ნოემბერს არჩეული, საქართველოს ეროვნულ ყრილობის მიერ, აცხადებს:

  1. ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებოვანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
  2. დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური ფორმა დემოკრატიული რესპუბლიკაა.
  3. საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.
  4. საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას სურს საერთაშორისო ურთიერთობის ყველა წევრთან კეთილმეზობლური განწყობილება დაამყაროს, განსაკუთრებით კი მოსაზღვრე სახელმწიფოებთან და ერებთან.
  5. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თავის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს, განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნოებისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა.
  6. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზედ მოსახლე ყველა ერს.
  7. დამფუძნებელ კრების შეკრებამდე მთელი საქართველოს მართვა-გამგეობის საქმეს უძღვება ეროვნული საბჭო, რომელიც შევსებული იქნება ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებით და დროებითი მთავრობა პასუხისმგებელია საბჭოს წინაშე”.

ხანგრძლივი ტაშის დასრულების შემდეგ, თავმჯდომარის ინიციატივით, ეროვნული საბჭოს მდივანი ილია ზურაბიშვილი სასახლის აივანზე გავიდა და იქიდან წაუკითხა იქ თავმოყრილ ხალხს დამოუკიდებლობის აქტი. აქტის თითოეულმა დებულებამ ხალხში ოვაციები გამოიწვია. ვაშას ძახილი და ტაში არ წყდებოდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი ერთხმად მიიღეს და ხელი მოაწერეს. შემდეგ დროებითი მთავრობის შემადგენლობა გამოცხადდა: თავმჯდომარე – ნოე რამიშვილი; საგარეო საქმეთა მინისტრი – აკაკი ჩხენკელი; სამხედრო მინისტრი – გრიგოლ გიორგაძე; ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი – გიორგი ჟურული; განათლების მინისტრი – გიორგი ლასხიშვილი; მიწათმოქმედების და შრომის მინისტრი – ნოე ხომერიკი; იუსტიციის მინისტრი – შალვა მესხიშვილი; გზათა მინისტრი – ივანე ლორთქიფანიძე.

ამის შემდეგ გადაწყვიტეს რამდენიმე საკითხი და მიიღეს მილოცვები ახალი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსების გამო. კრება საღამოს 5 საათსა და 55 წუთზე დაიხურა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები