მსოფლიო ბანკი: უკრაინაში ომმა შესაძლოა, გლობალური რეცესია გამოიწვიოს

სურსათისა და ენერგიის ფასებზე უკრაინაში რუსეთის ომის ზემოქმედებამ, ისევე – როგორც სასუქების ხელმისაწვდომობაზე, შესაძლოა, გლობალური რეცესია გამოიწვიოს.

ამის შესახებ მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა, დევიდ მალპასმა განაცხადა, – წერს Reuters.

აშშ-ის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ გამართულ ღონისძიებაზე მალპასმა აღნიშნა, რომ მსოფლიოს მეოთხე უდიდესი ეკონომიკა, გერმანია “უკვე მნიშვნელოვნად შენელდა ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის გამო” და დასძინა, რომ “სასუქების წარმოების შემცირებამ შესაძლოა, გააუარესოს სიტუაცია სხვა ქვეყნებში”.

”თუ გადავხედავთ გლობალურ მშპ-ს, ამჟამად ძნელია იმის გააზრება, თუ როგორ შეგვიძლია რეცესიის თავიდან აცილება”, – თქვა მალპასმა, თუმცა, კონკრეტული პროგნოზი არ გაუკეთებია.

მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ მოსალოდნელია უკრაინისა და რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვანი შემცირება, ხოლო ზრდა შენელდება ევროპაში, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებში.

მისი თქმით, განვითარებადი ქვეყნები კიდევ უფრო დაზარალდნენ სასუქის, საკვების მარაგისა და ენერგიის ნაკლებობით.

”მხოლოდ ენერგომატარებლებზე ფასების გაორმაგებაა საკმარისი რეცესიის გამოწვევისთვის”, – თქვა მალპასმა.

მისი თქმით, ჩინეთში ზრდის შემცირების მიზეზი COVID-19-ის პანდემია, ინფლაცია და უძრავი ქონების მიმდინარე კრიზისი გახდა.

ამავდროულად, მალპასს არ გაუკეთებია მკაფიო პროგნოზი, თუ როდის შეიძლება, დაიწყოს გლობალური რეცესია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები