კასრელიშვილი: „კრემლმა აფხაზეთში ყველაზე ანტიქართული ხაზის გამტარებელი არძინბა გაააქტიურა, რომელიც მათი ოქროს რეზერვია“
რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში, მოსახლეობაში უკმაყოფილება და ოპოზიციური განწყობები იზრდება. ამის შესახებ კასრელიშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ანალიტიკოსმა ოკუპირებულ რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.
„მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო აფხაზეთის მოსახლეობის უკმაყოფილება იზრდება. ასევე პოლიტიკური შეხედულებების გამო ოპოზიციური განწყობებიც იზრდება. ამას უკევ აღარ მალავენ.
ოპოზიციური განწყობები დაპირებების შეუსრულებლეობის გამო გაიზარდა. მათ ნამდვილად ჰგონიათ, რომ დამოუკიდებლობა მოიპოვეს, მაგრამ ამან მოლოდინები არ გაამართლა. რატომღაც ეგონათ, რომ ევროპა, აზია მათ აღიარებდა, როგორც ევროპაში, ისე აზიაში თავისუფლად იმოძრავებდნენ, ამ დროს კი რუსეთის ამარა დარჩნენ. ამას სოციალურ-ეკონომიკური ფონის დამძიმება, ჯანდაცვის მძიმე მდგომარეობა დაემატა.
იმისათვის, რომ ეს უკმაყოფილება გადაიფაროს და საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის კრემლსაც აჩვენონ, რომ მას შემდეგ რაც ე.წ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს, აფხაზეთში ყველაფერი კარგადაა, ანტიქართული ხაზის გამტარებლები გააქტიურდნენ. აფხაზეთში უკმაყოფილებას, უწყებათა შორის დაპირისპირებას, ოპოზიციური განწყობების ზრდას ქართველ ჰაკერებსა და ტროლებს აბრალებენ. ამას ხელს უწყობს ცნობილი სომეხი წყვილი მოსკოვიდან, რაც, ჩვენი აზრით, ბაგრამიანის ბატალიონის ბრძოლის შემდეგ ქართველების წინააღდეგ უსისხლო ომის გაგრძლებაა. ეს მოვლენა აფხაზეთს ძალიან დააზიანებს, ვთვლით, რომ სომხური პრობლემა, ხელოვნურად გაზრდილი სომხური დიასპორის სახით, კრემლისთვის ოქროს რეზერვია, თუ აფხაზები გადაწყვეტენ, საქართველოსკენ მობრუნდნენ, მათ პრობლემებს შეუქმნიან.
საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლის და მხარდაჭერის გარეშე საქმეშიც ვერ ჩავერევით. ერთი ფაქტია, უკმაყოფილება ნამდვილად იზრდება, როგორც სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობის, ისე პოლიტიკური პროცესების გამო“ – განაცხადა კასრელიშვილმა.
მისივე თქმით, კრემლმა ოკუპირებულ აფხაზეთში ყველაზე ანტიქართული ხაზის გამტარებელი ინალ არძინბა გაააქტიურა.
„ვერ ვიტყვით, რომ აფხაზეთში პროქართული განწყობები გაიზრდა, მაგრამ ის, რომ ქართველები გენეტიკურად, ფიზიკურად აფხაზებისთვის ყველაზე ახლო ხალხია და მთელი ცხოვრება ქართველებთან დაპირისპირებაში არ უნდა იყვნენ, უკვე დღის წესრიგში დგას. ადამიანების ჯგუფები, ზიფიკური და იურიდიული პირებიც ამის შესახებ ხმამაღლა ალაპარაკდნენ. სწორედ ეს აწუხებთ კრემლში. ამიტომ გაააქტიურეს ინალ არძინბა, ყველაზე ანტიქართული ხაზის გამტარებელი, რომელიც, ჩვენი აზრით, კრემლისთვის საჭიროების შემთხვევაში ასევე ოქროს რეზერვია. როგორც ჩანს ე.წ პრეზიდენტად ამზადებენ. „საგარეო საქმეთა მინისტრად“ იმის გამო დანიშნეს, რომ მისი ცნობადობა გაზარდონ, ხვალ და ზეგ, საჭიროების შემთხვევაში აფხაზეთში რადიკალური ანტიქართული პოლიტიკის გასატარებლად გააპრეზიდენტონ. ამ მიმართულებით ჩვენი ინიციატივები გვაქვს . საზოგადოებრივი პლატფორმაა შესაქმნელი“ -განაცხადა ანალიტიკოსმა.