ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ ჟენევაში, 75-ე სპეციალურ სესიაზე ორგანიზაციის ხელმძღვანლად მეორე ვადით ტედროს ადანომ გებრეისუსი აირჩია.
როგორც სესიის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, „მიღებულია რეზოლუცია, რომელიც გულისხმობს: ჯანდაცვის მსოფლიო 75-ე ასამბლეა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორად დოქტორ ტედროს ადანომ გებრეისუსს ნიშნავს“.
ჯანმო-ს ხელმძღვანელი თანამდებობაზე შესაძლოა, შეუზღუდავი ვადით იყოს არჩეული.
პირველად გებრეისუსი ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პოსტზე 2017 წლის მაისში იყო არჩეული.
ჯანმო-ს ხელმძღვანელი ერითრეაში დაიბადა და აქვს ლონდონის უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხი “ინფექციური დაავადებების იმუნოლოგიის” სპეციალობით.
ეთიოპიაში ის მუშაობდა ჯანდაცვის სისტემაში ჯერ ადგილობრივ მალარიოლოგად, შემდეგ კი – რეგიონალური ჯანდაცვის სამსახურის ხელმძღვანლად. ამის შემდეგ ის ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა ეთიოპიის მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრად და საგარეო საქმეთა მინისტრად.