“დიდი ოდენობით ფული, ფუფუნების საგნები და 25 000 ევროს ღირებულების სამზარეულოს ქვითარი” – რა ამოიღეს პროკურორებმა დოდონის სახლში

მოლდოველმა პროკურორებმა, რომლებიც დილიდან ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის სახლში ჩხრეკას ატარებდნენ, დიდი ოდენობით, სხვადასხვა ვალუტის ფული, ფუფუნების საგნები და ქვითრები ამოიღეს.

ამის შესახებ პორტალი Anticorupție პროკურატურაში წყაროებზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის სახლში, სავარაუდოდ, ძვირფასი მასალისგან დამზადებული, ჭადრაკის რამდენიმე ნაკრები აღმოაჩინეს.

ასევე, ნაპოვნია ყავის ნაკრები, რომელიც, სავარაუდოდ, ოქროსგან არის დამზადებული.

როგორც გამოცემა წერს,  მიიჩნევა, რომ აღმოჩენილი ნივთების ნაწილი იგორ დოდონს მაღალი თანამდებობის პირებისგან აქვს მიღებული.

გარდა ამისა, ნაპოვნია მტკიცებულებები, რომლებიც დოდონის სქემებთან კავშირში მყოფ პირებზე მიუთითებენ.

პროკურორების ხელში ასევე აღმოჩნდა ქვითარი, რომელიც გალინა დოდონის მიერ არის ხელმოწერილი, რომლითაც მან 25 ათასი ევროს ღირებულების სამზარეულოს ავეჯი შეიძინა.

სახელმწიფო ღალატის, უკანონო გამდიდრების, პასიური კორუფციისა და პარტიის უკანონო დაფინანსების საქმეზე იგორ დოდონი ჩხრეკის დასრულების შემდეგ დღეს 72 საათით დააკავეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები