პრორუსი დოდონის მომხრეები მოლდოვის პარლამენტთან აქციას მართავენ
მოლდოვის “სოციალისტების პარტიის” წევრები და მხარდამჭერები, რომლის თავმჯდომარეც იგორ დოდონია, ქვეყნის პარლამენტთან შეიკრიბნენ.
როგორც პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ვლად ბატრინჩამ თქვა, დოდონის სახლში მიმდინარე ჩხრეკა “პოლიტიკური შოუა”, ხელისუფლება კი ოპოზიციის დაშინებას ცდილობს.
ჟურნალისტის შეკითხვაზე დოდონის ადგილსამყოფელის შესახებ, ბატრინჩამ არ უპასუხა.
ასევე, აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ დოდონის სახლში ჩხრეკა პრეზიდენტ მაია სანდუს დაბადების დღისთვის “საჩუქარია”.
შეკრებილებს უჭირავთ პლაკატები წარწერით – „არა უკანონობას“, „არ ვნებდებით“, „არა დიქტატურას პლახოტნიუკის სტილში“.
„ეს არის ტერორი ოპოზიციის წინააღმდეგ სანდუს დაბადების დღეზე. ხელისუფლებას აღიზიანებს კრიტიკა დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის გამო. ჰკითხეთ ხალხს რეგიონებში, უკეთესად ცხოვრობენ? ადამიანებს არ აქვთ აუცილებელი მინიმუმი. ჩვენ, ოპოზიცია პარლამენტში მოსახლეობის მესამედს წარმოვადგენთ, პასუხისმგებლიანი ხალხი ვართ, მაგრამ ჩვენს არცერთ საკანონმდებლო წინადადებას მხარი არ დაუჭირეს. სამაგიეროდ, ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიები დაიწყეს. მაგრამ ჩვენ არ დავნებდებით“, – თქვა ბატრინჩამ და პირობა დადო, რომ პარტია მასობრივ საპროტესტო აქციებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართავს.