კრემლი პრორუსი დოდონის “დევნით” შეშფოთებულია
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარების მხარდამჭერების “დევნით” კრემლი შეშფოთებულია.
ამის შესახებ მან მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით მიმდინარე ჩხრეკის კომენტირებისას თქვა.
„პირველ ყოვლისა, ეს მოლდოვას შიდა საქმეა. მეორეც, რასაკვირველია, შეშფოთებული ვართ, რომ მსგავსი პრაქტიკა და დევნა გამოიყენება მათ მიმართ, ვინც რუსეთის ფედერაციასთან, ანუ ჩვენს ქვეყანასთან მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განვითარების მომხრეა. ამიტომ, რა თქმა უნდა, გვსურს, იმედი ვიქონიოთ და ვიყოთ დარწმუნებულნი, რომ დოდონის ყველა კანონიერი უფლება დაცული იქნება“, – განაცხადა პესკოვმა.