უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პროგნოზირებს, რომ ომის მომდევნო კვირები რთული იქნება.
მისი თქმით, რუსი ოკუპანტები ძალიან ცდილობენ აჩვენონ, რომ არ დათმობენ ხარკოვის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებს, ხერსონის ოლქს, ზაპოროჟიეს ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიასა და დონბასს.
„ომის მომავალი კვირები რთული იქნება და ეს უნდა ვიცოდეთ. მაგრამ ჩვენ სხვა ალტერნატივა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ვიბრძოლოთ და გავიმარჯვოთ, გავათავისუფლოთ ჩვენი მიწა და ჩვენი ხალხი. იმიტომ, რომ ოკუპანტებს სურთ წაართვან არა მხოლოდ რაღაც, არამედ ყველაფერი, რაც გვაქვს, მათ შორის სიცოცხლის უფლება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ყველაზე მძიმე საბრძოლო ვითარება ახლა დონბასშია, სადაც რუსებმა ხოცვა-ჟლეტა მოაწყვეს.
„ბახმუტი, პოპასნა, სევეროდონეცკი – ამ მიმართულებით ოკუპანტებმა აქამდე უდიდესი აქტივობა განახორციელეს. მათ იქ მოაწყვეს ხოცვა-ჟლეტა და ფაქტობრივად, ცდილობენ ყველა ცოცხალი არსება გაანადგურონ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.