თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი მისთვის „აღარ არსებობს“.
„როიტერსის“ ცნობით, ამის შესახებ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართული პრესკონფერენციის დროს განაცხადა.
თურქეთის პრეზიდენტმა საბერძნეთის ლიდერი აშშ-ში ვიზიტის დროს თურქეთისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების მიყიდვის დაბლოკვის მცდელობაში დაადანაშაულა.
„ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენს დავაში მესამე ქვეყნები არ ჩავრთოთ. ამის მიუხედავად, გასულ კვირას ის აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდა, კონგრესში ისაუბრა და ამერიკელები გააფრთხილა, რომ ჩვენთვის F-16-ები არ მოეცათ. ის ჩემთვის აღარ არსებობს. მე არასდროს დავთანხმდები მასთან შეხვედრას. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს გზას პატიოსან პოლიტიკოსებთან ერთად“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ნატოს ორ მოკავშირე ქვეყანას, თურქეთსა და საბერძნეთს უთანხმოება აქვთ უამრავ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა საზღვაო საზღვრები, კონტინენტური შელფი, საჰაერო სივრცე და ეთნიკურად გაყოფილი კვიპროსი.