რუსეთის დუმაში საქართველო იმ ქვეყნებს შორის დაასახელეს, რომლებიც რუსული მედიის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებებით გამოირჩევიან

რუსეთის დუმაში დაასახელეს ქვეყნები, რომლებიც რუსული მედიის მიმართ დისკრიმინაციული ქმედებების რაოდენობით გამოირჩევიან და მათ შორის არის საქართველო.

ამის შესახებ რუსეთის შიდა საქმეებში უცხო ქვეყნების ჩარევის ფაქტების თაობაზე სახელმწიფო დუმის შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელმა, ვასილი პისკარევმა განაცხადა.

დეპუტატის თქმით, რუსული მედიის დისკრიმინაციის საპასუხოდ სარკისებრი ზომების შესახებ კანონპროექტი იქნება პასუხი მათი ჟურნალისტების მიმართ მტრულ ქმედებებზე.

როგორც მან აღნიშნა, ბოლო ხუთი წლის ანალიზმა აჩვენა, რომ ლატვია, საფრანგეთი, მოლდოვა, პოლონეთი, ლიეტუვა, უკრაინა, აშშ, დიდი ბრიტანეთი, საქართველო, გერმანია, კანადა, ესტონეთი, რუმინეთი ყველაზე აგრესიულად იქცევიან რუსული მედიის მიმართ.

„რუსული მედიის დისკრიმინაციის საპასუხოდ სარკისებური ზომების შესახებ კანონპროექტი იქნება ჩვენი პასუხი“, – აღნიშნა პისკარევმა.

მისი თქმით, რამდენიმე წელია დასავლეთი აწარმოებს მასიურ კამპანიას რუსული მედიის დისკრედიტაციისა და მათი მუშაობისთვის გაუსაძლისი პირობების შესაქმნელად.

„საუბარია, როგორც ოფიციალური ღონისძიებების დროს აკრედიტაციაზე უარის თქმაზე, საბანკო სერვისებზე დაბრკოლებების შექმნაზე და მაუწყებლობის შეწყვეტაზე, ასევე საზღვარზე დაკავებებზე, ჟურნალისტების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნაზე მათი პროფესიული საქმიანობისა და რუსული მედიის კუთვნილების გამო“, – განაცხადა პისკარევმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები