„როცა ტეკომა აყვავდება“ – პედაგოგი და ხელოვანი, რომელმაც ყვავილებისგან შექმნილი კომპოზიციებით ცხოვრება ზღაპარს დაამსგავსა

ხარაგაულის რაიონის სოფელ საღანძილეში დაიბადა. სკოლა ხარაგაულში დაამთავრა, სწავლობდ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე… დამთავრ პედაგოგიკის ინსტიტუტი,  არის მოქმედი, წამყვანი მასწავლებელი.
ხელსაქმის სიყვარული ბავშვობიდან მოსდევს. ეპოქსიდზე ანუ თხევად მინაზე მუშაობა კი ამ ბოლო დროს დაიწყო. გამომშრალ ყვავილებს და ფოთლებს იყენებს და ულამაზეს კომპოზიციებს ქმნის – პანოებს, ჭიქის დასადგამებს, ლანგრებს… ამბობს, რომ ეს მისი ჰობი და მომავალი პროფესიაა. –  პედაგოგისა და ხელოვნის, ნათია კიკნაძის პერსონა.

– ოჯახში ბაბუდა ქსოვდა და ქარგავდა, მან შემასწავლა ხელსაქმის სიყვარული. მახსოვს, როდესაც ვთხოვე, ქსოვა ესწავლებინა, გამოიტანა ბევრი ფერად-ფერადი დაშლილი ძაფის გროვა და მთხოვა, ეს ძაფები ისე გამოარჩიე, არცერთი არ გაწყდესო.
მეც დიდი სიხარულით შევასრულე ეს თხოვნა და მახსოვს მისი გაბრწყინებული თვალები, როცა მითხრა, ნებისყოფა ნებისმიერ საქმეში და განსაკუთრებით ხელსაქმეში აუცილებელია, შენ ეს ნამდვილად გაქვსო. დღემდე  მახსოვს ეს სიტყვები.
ულამაზესი სოფელია საღანძილე, სასწაულად ლამაზი მინდვრის ყვავილებითაა მოჩითული მინდორ-ველები,  გაზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. ღანძილი, სამწუხაროდ, უკვე იშვიათად ამოდის. ყვავილების სიყვარული ბავშვობიდან მაქვს, დედას უამრავი ყვავილი აქვს ეზოში, გაზაფხულიდან იწყებოდა სახლში ყვავილების დღესასწაული, ჯერ ენძელები გვხვდებოდა საძინებელში, შემდეგ – იები, ვირუსები, ყოჩივარდები და ა.შ. გვიან შემოდგომამდე…
– მომავალ პროფესიად ჟურნალისტიკა აირჩიეთ. რატომ?  სტუდენტობიდან რა იყო საინტერესო?
– ჟურნალისტიკა ავირჩიე, რადგან ბავშვობიდან ვწერდი თავისუფალ თემებს, ჩანახატებს.  ბატონ ნოდარ ტაბიძეს, დეკანი იყო  ჩვენი, ძალიან მოსწონდა ჩემი ჩანახატები, თემები.
სტუდენტობა ზოგადად ძალიან საინტერესოა, მე 90-იანი წლების სტუდენტი ვარ, მაგრამ ისეთი ასაკია, მაინც ყველაფერი გელამაზება, რაც გარშემო გხვდება, ერთი სიტყვით,  ვარდისფერი სათვალეები გიკეთია (თუმცა მე დღემდე ვერ მოვიხსენი ეს ვარდისფერი სათვალეები).
– პედაგოგიკის ინსტიტუტში სწავლობდით. მოქმედი მასწავლებელი ხართ…
– სკოლაში სწავლის პარალელურად ძალიან ბევრს ვკითხულობდი მსოფლიო ლიტერატურიდან, ამაზე დედა ზრუნავდა, რომელიც ფრანგული ენის  მასწავლებელია და დღემდე ორიგინალში კითხულობს კამიუს…
არდადეგებზე, როცა მთელი სოფელი ბავშვებით ივსებოდა, ჩვენს ეზოში, საღამოობით, მთელი წლის წაკითხულ ლიტერატურას ჯერ ვუყვებოდი თანატოლებს, შემდეგ განვიხილავდით და, მოკლედ რომ ვთქვა, მაშინაც მასწავლებელი ვიყავი.
ჟურნალისტიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსიდან გადავედი პედაგოგიურ ინსტიტუტში. მიყვარს ბავშვებთან ურთიერთობა, მათი გულწრფელობა, ცოდნის ძიება, 13 წელია მასწავლებელი ვარ და ყველა ჩემი მოსწავლე მახსოვს და მიყვარს. უზომოდ მიყვარს ჩემი პროფესია და ჩემი მოსწავლეები. სტატუსით  წამყვანი მასწავლებელი ვარ, სკოლაში – ლიდერი მასწავლებელი და ვცდილობ, განათლების სამინისტროს გამოწვევებს ღირსეულად გავუმკლავდე.
– ბოლო დროს ყვავილებით და ეპოქსიდით ლამაზ პანოებს და დასადგამებს აკეთებთ… როგორ დაიწყეთ ეს საქმე?
– ყვავილები  ყოველთვის მიყვარდა, სათუთად ვინახავდი წიგნებში, განა ჰერბარიუმს ვაკეთებდი? არა, უბრალოდ მომქონდა და ვინახავდი. ასევე პეპელა, თუ სამდე ვნახავდი მკვდარ პეპელას, მაშინვე წიგნში ვინახავდი, მეცოდებიან გასაქრობად ეს უნაზესი და ულამაზესი ქმნილებები.
ამ ბოლო დროს აქტუალური გახდა ეპოქსიდზე, იგივე თხევად მინაზე მუშაობა. ეს ძალიან მიზიდავდა, მაგრამ არ ვიცოდი, როგორ უნდა დამეწყო.
როდესაც პირად ცხოვრებაში ცვლილებები მოხდა, ვიცოდი, რაც მთლიანად გადამრთავდა აქედან და სხვა საფიქრალს არ დამიტოვებდა, ეს იქნებოდა ჩემი წლობით ნაგროვები ყვავილებისა და ეპოქსიდის გაერთიანება.
ასე დაიწყო ეს ზღაპარი… ვაწყობ პანოებს, ვაკეთებ ჭიქის ულამაზეს  დასადგამებს და ამით მაქვს სრული ჰარმონია. თითო ნამუშევრის შექმნას 5 დღე სჭირდება, თითო ფენას – მინიმუმ 12-საათიანი ლოდინი და დაკვირვება. ეს პროცესი ჩემთვის საინტერესო და სასიხარულოა, აქაც ნებისყოფა   და სიმშვიდეა საჭირო და, შედეგიც – გასაოცარი.
–  გვერდს Natusi • ნატუსი  ჰქვია, სადაც თქვენი ნამუშევრებია გამოფენილი…
– როდესაც გადავწყვიტე, სერიოზულად მომეკიდა ხელი ჩემი გატაცებისთვის, საჭირო იყო,  გვერდის შექმნა. სახელზე ბევრი არ მიფიქრია, ბავშვობიდან დღემდე დედა მოფერებით „ნატუსის“ მეძახის, მეც ისე მიყვარს ეს სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართიც კი ამ სახელით შევადგინე და გვერდიც ასე შეიქმნა.
ზოგი ყვავილი ვერ შრება, მსუბუქი ყვავილები კარგად შრება და ამიტომ მეც მსუბუქ, ფარაფატა ყვავილებს, ბალახებს, ფოთლებს ვიყენებ სამუშაოდ… ჩემი ნამუშევრებიდან ყველაზე მეტად პოპულარულია პანო, 40 სმ დიამეტრით. ყველაზე მეტი ნახვა და კომენტარი აქვს. ასევე ვამზადებ ლანგრებს. ბამბუკის ლანგრებს ვიძენ და შიგნით ყვავილების კომპოზიციას ვაკეთებ. ერთ-ერთი ლანგარი იტალიაში გაემგზავრა საჩუქრად..
– რომელი ყვავილები გიყვართ?
– მე ყველა ყვავილი მიყვარს, დაწყებული პაწაწინა  საპოვნელათი და დამთავრებული  დიდებული ვარდით, თუმცა გამოვარჩევდი ტეკომას, რომელიც, ასე მგონია, ძალიან მგავს, თუ მე ვგავარ, არ ვიცი. როცა ტეკომა აყვავდება, ვიდრე ფოთლები აქვს, სულ სავსეა ულამაზესი, ზანზალაკების მსგავსი თავდახრილი ყვავილებით. ასე მგონია, ამ ყვავილის მსგავსად მაქვს ამდენი სიყვარული გამოსხმული…
ყველა ნამუშევარს ერთნაირი გულისყურით ვუდგები,  ყველა დეტალს ყურადღებით ვარჩევ, თუმცა ისეც ყოფილა, ყვავილი თავისით გამოფრენილა ფოლდერიდან და მისთვისაც მიმიჩენია ადგილი. ყველა მიყვარს, ყველა ჩემი  შექმნილი პაწაწინა სურათები.
– როგორ უთავსებთ პედაგოგობას და ხელსაქმეს ერთმანეთს?
– სკოლის შემდეგ ვმუშაობ სახლში, ერთი ოთახი მაქვს სამუშაოდ სადაც, ასე მგონია, დრო გაჩერებულია, სხვა განზომილებაა, იქ არც ვიღლები, არც მეძინება, არც მშივდება, მოკლედ, სხვა სამყაროა, რომელიც გავსებს მთლიანად და ენერგიას გმატებს.
– ჰობი…
– ჩემი ჰობიც ესაა და მომავლის პროფესიაც.
– ოჯახი, როგორ გეხმარებიან ოჯახის წევრები თქვენს საქმიანობაში?
– დედა და შვილები ხალისით  მეხმარებიან ყვავილების შეგროვება-დახარისხებაში. დიდ სიხარულს იწვევს ყოველი ნამუშევრის შექმნა, ყალიბიდან ამოღება და დასრულებული სახის მიცემა…

– სამომავლო გეგმები…
– სამომავლოდ ძალიან მინდა, მქონდეს ჩემი სახელოსნო, სადაც შევძლებ, ყველა საჭირო ნივთი ერთად მქონდეს, სადაც ვიმუშავებ იმაზე მეტს, ვიდრე ახლა და ჩამოყალიბდები პროფესიონალად. მე იმდენი ვიწვალე, ამ ყველაფრის ერთ ჩარჩოში მოსაქცევად, გარკვეული ცოდნის დაგროვების შემდეგ აუცილებლად შევასწავლი მსურველებს ამ მიმდინარეობას. ჯერ მე თვითონაც ვეძებ, ვსწავლობ რაღაც ნიუანსებს და ბედნიერი ვარ ამ წამოწყებით.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები