“არასდროს შემრცხვენია ჩემი ქვეყნის, როგორც დღეს” – გაერო-ში რუსმა დიპლომატმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა
გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის თანამშრომელმა, ბორის ბონდარევმა – უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო, თანამდებობა დატოვა.
დიპლომატმა შესაბამისი შინაარსის განცხადება LinkedIn-ში გაავრცელა, წერს “რადიო თავისუფლება”. ასევე, ბონდარევის მიმართვას გაერო-ს ადამიანის უფლებათა და მონიტორინგის ჯგუფ UN Watch-ის დირექტორი, ჰილელ ნოიერი ავრცელებს.
“მუშაობის ოცი წლის განმავლობაში, მე მინახავს ჩვენი საგარეო პოლიტიკის სხვადასხვა შემობრუნება, მაგრამ არასდროს შემრცხვენია ჩემი ქვეყნის და ჩემი საქმის ისე, როგორც 2022 წლის 24 თებერვალს. პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ, მაგრამ, ფაქტობრივად, მთელი დასავლური სამყაროს წინააღმდეგ ომი არის არა მხოლოდ დანაშაული უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, არამედ შესაძლოა, ყველაზე მძიმე დანაშაული რუსეთის ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც დიდი Z-ით ქვეყანაში დემოკრატიული საზოგადოების ეტაპობრივი აყვავების პერსპექტივა გადახაზა.
მათ, ვინც ჩაიფიქრა ეს ომი, მხოლოდ ერთი რამე უნდათ – ხელისუფლებაში სამუდამოდ დარჩენა; პომპეზურ უგემოვნო სასახლეებში ცხოვრება; იახტები, რომელთა სიდიდე და ფასი რუსეთის მთელ საზღვაო ფლოტს შეედრება; სურთ, ისარგებლონ შეუზღუდავი ძალაუფლებით და სრული დაუსჯელობით. ამისთვის ისინი მზად არიან, მრავალი სიცოცხლე შეიწირონ. ამ მიზნისთვის ათასობით რუსი და უკრაინელი უკვე დაიღუპა.
სამწუხაროდ, მთელი ამ ოცი წლის განმავლობაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მუშაობაში სიცრუისა და არაპროფესიონალიზმის დონე მუდმივად მატულობდა. თუმცა, ბოლო წლებში, ამან კატასტროფული მასშტაბები მიიღო. იმის ნაცვლად, რომ მოხდეს მიმდინარე მოვლენების მიუკერძოებელი ინფორმირება, ობიექტური ანალიზი და საღი პროგნოზირება – 1930-იანი წლების საბჭოთა გაზეთების სულისკვეთების პროპაგანდისტული კლიშეებია. აგებულია სისტემა, რომელიც თავს იტყუებს.
მინისტრი ლავროვი ამ სისტემის დეგრადაციის კარგი ილუსტრაციაა. 18 წლის განმავლობაში მან პროფესიონალი და განათლებული ინტელექტუალიდან, რომელსაც სამინისტროს ბევრი თანამშრომელი ბაძავდა, გარდაიქმნა ადამიანად, რომელიც გამუდმებით ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს ავრცელებს და მსოფლიოს (ანუ რუსეთსაც) ბირთვული იარაღით ემუქრება!
დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიით არ არის დაკავებული. ის თესავს სიცრუეს, აღძრავს სიძულვილს და ომს. დიპლომატია ემსახურება ადამიანთა ვიწრო წრის პირად ინტერესებს, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო რუსული საზოგადოების რეალურ საჭიროებებთან. რუსეთს მოკავშირეები აღარ შერჩა და ამის ახსნა ჩვენი ქვეყნის აგრესიული პოლიტიკაა და არა – ყბადაღებული რუსოფობია, რაზეც გამუდმებით საუბრობენ რუსული ტელევიზიით.
დიპლომატიას ვსწავლობდი და ვისურვებდი, მომავალშიც ვემსახურო ჩემს ქვეყანას. მაგრამ დღეს, სამწუხაროდ, სახელმწიფო სამსახურში დარჩენა და დამღუპველი პოლიტიკური კურსის გატარება ნიშნავს სამშობლოს ღალატს. არ მინდა და არ შემიძლია. შედეგად, მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო ჩემი სამსახური”, – დაწერა დიპლომატმა.