“ტაივანის შესახებ ბაიდენის განცხადება აშშ-ის პოლიტიკის ცვლილებას არ ნიშნავს” – თეთრი სახლი
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ტაივანთან დაკავშირებით ტოკიოში გაკეთებული განცხადება შეერთებული შტატების პოლიტიკის ცვლილებას არ ნიშნავს.
ამის შესახებ Reuters-ი წერს.
“მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩვენი “ერთიანი ჩინეთის” პოლიტიკა და მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენი ერთგულება. მან ასევე დაადასტურა ჩვენი ვალდებულება ტაივანის ურთიერთობების აქტის მიხედვით, რომელშიც შეერთებულმა შტატებმა ტაივანს თავდაცვისთვის სამხედრო საშუალებები უნდა მიაწოდოს”, – თქვა თეთრი სახლის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობის დასახელება არ ისურვა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ტოკიოში დღეს განაცხადა, რომ, ტაივანის წინააღმდეგ ჩინეთის აგრესიის შემთხვევაში, შეერთებული შტატები პირდაპირი სამხედრო ინტერვენციისთვის არის მზად.
ჟურნალისტის კითხვაზე – “გასაგები მიზეზების გამო, თქვენ უკრაინის დიდ კონფლიქტში სამხედრო ჩარევა არ გსურდათ. თუ საქმე აქამდე მივა, მზად ხართ თუ არა ტაივანის დასაცავად სამხედრო ჩარევისთვის?”, ბაიდენმა დადებითად უპასუხა და განმარტა, რომ „ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ“.
„ჩვენ შევთანხმდით ჩინეთის ერთიან პოლიტიკაზე. მაგრამ ფიქრი იმაზე, რომ ის შეიძლება, ძალის გამოყენებით იყოს მიღებული, უბრალოდ, მიუღებელია“, – თქვა მან.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ “ეს არის ტვირთი, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება” რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
როგორც მან აღნიშნა, არ ელოდება, რომ ჩინეთი ტაივანის ხელში ჩაგდებას შეეცდება, მაგრამ, მისი თქმით, შეჭრის თავიდან აცილება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად განუმარტავს მსოფლიო ჩინეთს შეჭრის შედეგებს.
თეთრი სახლის ლიდერის ამ განცხადებას ჩინეთში მალევე უპასუხეს.
ქვეყნის საგარეო უწყების სპიკერმა ბრიფინგზე თქვა, რომ ტაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია და პეკინი “საკუთარი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად“ მტკიცე ზომებს მიმართავს, ასევე, მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, ტაივანის საკითხთან დაკავშირებით განცხადებებსა და ქმედებებში სიფრთხილე გამოიჩინოს.
„ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკულ მხარეს, გულწრფელად დაიცვას ერთი ჩინეთის პრინციპი და სამი ჩინეთ-აშშ ერთობლივი კომუნიკე. დაიცვან თავიანთი ვალდებულებები – არ დაუჭირონ მხარი ტაივანის დამოუკიდებლობას. ტაივანის საკითხთან დაკავშირებით განცხადებებსა და ქმედებებში სიფრთხილე გამოიჩინონ და ტაივანის სეპარატისტულ ძალებს შეცდომაში შემყვანი სიგნალები არ გაუგზავნონ“, – განაცხადა უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ვანგ ვენბინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაივანი არის ჩინეთის განუყოფელი ნაწილი და ჩინეთი მიიღებს “მტკიცე ზომებს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად”.
“ჩინეთი გამოხატავს ძლიერ უკმაყოფილებას და ძლიერ პროტესტს აშშ-ის განცხადებების მიმართ”, – თქვა დიპლომატმა და დასძინა, რომ ჩინეთი არ მოითმენს მის საშინაო საქმეებში ჩარევას და რომ „სათანადოდ უნდა იყოს შეფასებული ჩინელი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილება და ურყევი ნება სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში“.
ცნობისთვის, აშშ ტაივანისთვის უსაფრთხოების მკაფიო გარანტიების მიცემას ტრადიციულად ერიდება, რომელთანაც მას აღარ აქვს ორმხრივი თავდაცვის ხელშეკრულება. ადრე შეერთებული შტატები „სტრატეგიული გაურკვევლობის“ პოლიტიკას ინარჩუნებდა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კი დაამტკიცა ტაივანისთვის 95 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების აღჭურვილობის, საჰაერო თავდაცვის სისტემის – Patriot-ის მხარდასაჭერად სასწავლო და სხვა ნივთების გადაცემა.