თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება

საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია, 26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით,  თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი, ტრადიციულად, „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონებში გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წელს ფესტივალი სრულად უბრუნდება ტრადიციულ ფორმატს და მასშტაბებს. შესაბამისად, მე-11 პავილიონში წარმოდგენილი იქნება, როგორც ქართველი ისე უცხოელი გამომცემლებისა და სხვადასხვა ორგანიზაციის მთავარი სტენდები, ხოლო მე-6 პავილიონში თავმოყრილი იქნება საბავშვო წიგნები და აქსესუარები.
„ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა როგორც მთავარი სცენა ლიტერატურული ღონისძიებებისთვის, ასევე – საბავშვო შემეცნებით-გასართობი კუთხე ფესტივალის პატარა დამთვალიერებლებისთვის.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი სლოგანით #GeorgiaStandsWithUkraine („საქართველო მხარს უჭერს უკრაინას“) სრულ მხარდაჭერას გამოუცხადებს უკრაინას და, უკრაინის ლიტერატურულ ფესტივალ „წიგნის არსენალთან“ პარტნიორობით, ფესტივალის ფარგლებში, უკრაინელი ილუსტრატორების მიერ რუსეთ-უკრაინის ომის თემაზე შექმნილ ილუსტრაციების გამოფენას გამართავს.
ფესტივალის გამორჩეული ნაწილია ფოკუს ქვეყნის პროგრამა. 2017 წელს ფესტივალის პირველი ფოკუს ქვეყანა იყო ნორვეგია. ფოკუს ქვეყნები სხვადასხვა წელს იყვნენ: გერმანია (2018) და ფინეთი (2019). 2020 წლის ფოკუს ქვეყნის სტატუსი თურქეთს მიენიჭა. პანდემიიდან გამომდინარე, გასულ წელს ფოკუს ქვეყნის პროგრამა ვერ განხორციელდა, ამიტომ აღნიშნული სტატუსით თურქეთი წელს ისარგებლებს.
თურქეთის, როგორც ფოკუს ქვეყნის, სტენდზე 10-მდე თურქი გამომცემელი იქნება წარმოდგენილი. გარდა ამისა, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 15-ზე მეტი ავტორი გამართავს შეხვედრას, მათ შორისაა ფირატ სუნელი და ისკანდერ პალა. ისინი ქართველ მწერლებთან ერთად ქართულ-თურქულ ლიტერატურულ თუ კულტურულ ურთიერთობებზე ისაუბრებენ. თურქეთის პროგრამის ორგანიზატორები არიან თურქეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტრო.
უკვე ცნობილია, რომ ფესტივალის მომდევნო ფოკუს ქვეყანა 2023 წელს პოლონეთი იქნება. ამდენად წლევანდელ ფესტივალს პოლონელი მწერლებიც ეწვევიან და ფესტივალის ბოლო დღეს, 29 მაისს, თურქეთი პოლონეთს ოფიციალურად გადასცემს ფოკუს ქვეყნის სტატუსს.
გარდა ამისა, ფესტივალს უბრუნდება პროექტი „მსახიობები ლიტერატურისთვის”, რომლის ფარგლებში, მე-11 პავილიონში მოწყობილ სცენაზე ქართველი მსახიობები წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ წიგნებს.
ვებგვერდზე www.tbilisibookfestival.ge მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, დეტალურად გაეცნონ ინფორმაციას ფესტივალის მონაწილეების შესახებ, ასევე – ფესტივალის პროგრამას, რომელიც მალე გახდება ცნობილი და მიიღონ სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო ინფორმაცია ფესტივალის შესახებ.
ფესტივალი იქნება ჰიბრიდული და, ფიზიკური ღონისძიების პარალელურად, მომხმარებლებს, სურვილის შემთხვევაში, წიგნების შეძენა აღნიშნულ ვებგვერდზე, საფესტივალო ფასებად ონლაინრეჟიმშიც შეეძლებათ.
თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის მხარდამჭერია თბილისის მერია. ფესტივალის მეგობარია „თიბისი“. ფესტივალს პარტნიორია „ველი““, – ნათქვამია ინფორმაციაში.
თბილისის წიგნის 24-ე საერთაშორისო ფესტივალის მონაწილეებზე ინფორმაციის ხილვა შესაძლებელია  ბმულზე: https://tbilisibookfestival.ge/members.php?l=ge
სამუშაო საათები: 11:00-20:00
მისამართი: თბილისი, წერეთლის გამზირი N118, „ექსპო ჯორჯია“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები