ჩინეთი აშშ-ს ტაივანის საკითხთან დაკავშირებით განცხადებებსა და ქმედებებში სიფრთხილისკენ მოუწოდებს
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ვანგ ვენბინის განცხადებით, ტაივანი ჩინეთის განუყოფელი ნაწილია და პეკინი “საკუთარი სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად“ მტკიცე ზომებს მიმართავს, ასევე, მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, ტაივანის საკითხთან დაკავშირებით განცხადებებსა და ქმედებებში სიფრთხილე გამოიჩინოს.
ამის შესახებ მან ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ტოკიოში დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას თქვა.
„ჩვენ მოვუწოდებთ ამერიკულ მხარეს, გულწრფელად დაიცვას ერთი ჩინეთის პრინციპი და სამი ჩინეთ-აშშ ერთობლივი კომუნიკე. დაიცვან თავიანთი ვალდებულებები – არ დაუჭირონ მხარი ტაივანის დამოუკიდებლობას. ტაივანის საკითხთან დაკავშირებით განცხადებებსა და ქმედებებში სიფრთხილე გამოიჩინონ და ტაივანის სეპარატისტულ ძალებს შეცდომაში შემყვანი სიგნალები არ გაუგზავნონ“, – განაცხადა უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ვანგ ვენბინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაივანი არის ჩინეთის განუყოფელი ნაწილი და ჩინეთი მიიღებს “მტკიცე ზომებს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დასაცავად”.
“ჩინეთი გამოხატავს ძლიერ უკმაყოფილებას და ძლიერ პროტესტს აშშ-ის განცხადებების მიმართ”, – თქვა დიპლომატმა და დასძინა, რომ ჩინეთი არ მოითმენს მის საშინაო საქმეებში ჩარევას და რომ „სათანადოდ უნდა იყოს შეფასებული ჩინელი ხალხის მტკიცე გადაწყვეტილება და ურყევი ნება, სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში“.
ბაიდენმა დღეს განაცხადა, რომ, ტაივანის წინააღმდეგ ჩინეთის აგრესიის შემთხვევაში, შეერთებული შტატები სამხედრო ინტერვენციისთვის არის მზად.