ბაიდენი მზად არის, ჩინეთის მიერ ტაივანზე თავდასხმის შემთხვევაში, სამხედრო ძალა გამოიყენოს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ, ტაივანის წინააღმდეგ ჩინეთის აგრესიის შემთხვევაში, შეერთებული შტატები პირდაპირი სამხედრო ინტერვენციისთვის არის მზად.
ამის შესახებ მან ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.
ჟურნალისტის კითხვაზე – “გასაგები მიზეზების გამო, თქვენ უკრაინის დიდ კონფლიქტში სამხედრო ჩარევა არ გსურდათ. თუ საქმე აქამდე მივა, მზად ხართ თუ არა ტაივანის დასაცავად სამხედრო ჩარევისთვის?”, ბაიდენმა დადებითად უპასუხა და განმარტა, რომ „ეს არის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ“.
„ჩვენ შევთანხმდით ჩინეთის ერთიან პოლიტიკაზე. მაგრამ ფიქრი იმაზე, რომ ის შეიძლება, ძალის გამოყენებით იყოს მიღებული, უბრალოდ, მიუღებელია“, – თქვა მან.
ბაიდენმა აღნიშნა, რომ “ეს არის ტვირთი, რომელიც კიდევ უფრო ძლიერდება” რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ.
როგორც მან აღნიშნა, არ ელოდება, რომ ჩინეთი ტაივანის ხელში ჩაგდებას შეეცდება, მაგრამ, მისი თქმით, შეჭრის თავიდან აცილება დამოკიდებულია იმაზე, რამდენად განუმარტავს მსოფლიო ჩინეთს შეჭრის შედეგებს.