“მოვუწოდებთ ქვეყნებს, საჭიროების შემთხვევაში, კოვიდშეზღუდვებისთვის იყვნენ მზად” – გებრეისუსი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის, ტედროს ადანომ გებრეისუსის განცხადებით, Covid-ის შემთხვევების ზრდა მსოფლიოს თითქმის 70 ქვეყანაში ფიქსირდება.

ამის შესახებ მან ჯანდაცვის მსოფლიო 75-ე ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომელიც 22 მაისს გაიხსნა.

მისი განმარტებით, ინფიცირების ზრდა ტესტირების გლობალური შემცირების ფონზე ხდება.

გებრეისუსმა სახელმწიფოებს ვაქცინაციის, სულ მცირე, 70%-ის მიღწევისკენ მოუწოდა, ასევე, გააფრთხილა ინფექციის გავრცელების შესაჩერებლად, კოვიდსაწინააღმდეგო შეზღუდვების აღდგენისთვის იყვნენ მზად.

„ყველა რეგიონის თითქმის 70 ქვეყანაში COVID-19-ის შემთხვევების ზრდა შეინიშნება და ეს იმ დროს ხდება, როდესაც ტესტირებაა მკვეთრად შემცირებული“, – თქვა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ, 2020 წლის მარტთან შედარებით, ვირუსისგან სიკვდილიანობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, აფრიკაში გარდაცვალების შემთხვევები მზარდია.

როგორც გებრეისუსმა თქვა, კორონავირუსი „ყოველ ჯერზე სიურპრიზებით იყო სავსე“ და ჯერ კიდევ შეუძლებელია „მისი გზისა და ინტენსივობის პროგნოზირება“.

ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ დღეისათვის მხოლოდ 57 ქვეყანაშია ვაქცინირებული მოსახლეობის 70%, გლობალური საშუალო მაჩვენებელი კი 60%-ია.

„მოვუწოდებთ ყველა ქვეყანას, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მზად იყვნენ, განაახლონ და ადაპტირდნენ ჯანმრთელობისა და სოციალური ზომების გასატარებლად“, – განაცხადა გებრეისუსმა.

მისი თქმით, მსოფლიოში ვაქცინებით უზრუნველყოფის მდგომარეობა გაუმჯობესებულია, მაგრამ „ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაციის მიმართ პოლიტიკური ვალდებულების ნაკლებობაა“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები