ჯანმომ „მაიმუნის ყვავილის“ 92 შემთხვევა დაადასტურა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ 92 დადასტურებული შემთხვევა და 28 საეჭვო შემთხვევა 12 არაენდემურ ქვეყანაში დააფიქსირა. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსამსახური იტყობინება.
მათი განმარტებით, კავშირი ინფიცირებასა და ინფიცირებულთა მოგზაურობას შორის რეგიონებში, სადაც „მაიმუნების ყვავილი“ ენდემურია, არ არის დადგენილი, რაც „უაღრესად უჩვეულო მოვლენაა“.
„ხელმისაწვდომი ინფორმაციის თანახმად, შემთხვევების უმრავლესობა იყო მამაკაცებში, რომლებსაც ჰქონდათ სქესობრივი კავშირი მამაკაცებთან, რომლებიც თავის მხრივ დაუკავშირდნენ პირველადი ჯანდაცვისა და სექსუალური ჯანმრთელობის კლინიკებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
პორტუგალიაში აღებული ბიოლოგიური ნიმუშის გენომის თანმიმდევრობა 2018 და 2019 წლების ინფექციებთან მჭიდრო კავშირზე მიუთითებს, როდესაც ინფექცია ნიგერიიდან შემოიტანეს დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და სინგაპურში.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით უნდა გაგრძელდეს ეპიდემიოლოგიური ვითარების მონიტორინგი არაენდემურ ქვეყნებში, სადაც „მაიმუნების ყვავილის“ ინფექციის შემთხვევები გამოვლინდა. საუბარია, კერძოდ, ავადმყოფთა და ჯანსაღებთა კონტაქტის იდენტიფიცირებაზე. ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ვაქცინაციის რეკომენდაციების განსახილველად ექსპერტებს მოიწვევს.