ომი და სიკვდილი – ის, რასაც ვერ მიეჩვევი (რას ჰყვებიან ცნობილი ფოტოების ავტორები)

სამხედრო კორესპონდენტი მსტისლავ ჩერნოვი და ევგენი მალოლეტკა გიორგი ღონღაძის სახელობის პრემიის ერთ-ერთი ფინალისტები არიან. კორესპონდენტები უკრაინასა და მის ფარგლებს გარეთ ომის შესახებ დოკუმენტურ მასალას იღებენ, თუმცა ომი საკუთარ სახლში – ეს ყველაზე მძიმე რამაა, რაც კი მათ ობიექტივში მომხვდარა. ისინი იღებდნენ დაბომბვებისა და სროლის შედეგებს რუსების მიერ გარშემორტყმულ მარიუპოლში. მათმა კადრებმა მსოფლიო მოიარა.

მსტისლავ ჩერნოვი
ევგენი მალოლეტკა

„მთელი წინა გამოცდილება ომისთვის მომზადება იყო“

არცერთ მათგანს არ აურჩევია, ყოფილიყო სამხედრო ჟურნალისტი – ისინი, უბრალოდ, მუშაობდნენ ქვეყანაში, რომელსაც 2014 წელს რუსეთი თავს დაესხა.

ევგენი ფოტოგადაღებით კიევის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ბოლო კურსებზე დაინტერესდა, სადაც ინჟინერიაზე სწავლობდა. მან მცირე ზომის, ნახევრად პროფესიონალური კამერა შეიძინა და გადაღება დაიწყო. ის საკუთარ თავს თვითნასწავლს უწოდებს. ადამიანს, რომელიც ჟურნალისტიკაში მივიდა იმიტომ, რომ აინტერესებდა, თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი.

„ის, რასაც ხალხი კურსებზე სწავლობს, მე თავად ვისწავლე. უბრალოდ, ავიღე ხელში კამერა და ვიკვლევდი, თუ რა შედეგს მომცემდა ის. საინტერესო იყო შედეგების მიღება, ეს მიზიდავდა. მე საკუთარ თავზე ვმუშაობდი, ხედვაზე, როგორ გადამეღო ესა თუ ის სურათი. შემდეგ უკვე დამემატა ჟურნალისტური ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მიმეწოდებინა მასალა, როგორ მომეძებნა და გამომეჩინა გმირი,“ – ჰყვება ევგენი.

სამშობიარო საავადმყოფო მარიუპოლში. 2 მარტს გარდაცვლილი შვილის მამა. ფოტო: ევგენი მალოლეტკა

ის რამდენიმე მასტერკლასზე იყო ფოტოგრაფებისთვის აშშ-ში, კერძოდ, ეწვია New York Portfolio Review-ის წვეულებას The New York Times-ის ფოტოდეპარტამენტიდან, სადაც გაიგო, როგორ მუშაობდნენ ფოტოჟურნალისტები. ფოტოებთან ერთად, დამატებით, ვიდეოების გადაღებაც დაიწყო, ინტერესდებოდა რეპორტაჟის ფოტოგადაღებით – ყველაფერმა ამან ის ფოტოდოკუმენტალისტიკამდე მიიყვანა.

ის 2014 წლიდან ფრილანსერად მუშაობას მსოფლიოში ყველაზე ცნობად სააგენტოებში: Assoсiated Press, Der Spiegel, Al Jazeera.

მსტისლავმა ყველაფერი 20 წლის წინ თავის მშობლიურ ქალაქ ხარკოვში დაიწყო მედიასააგენტო „მედიაპორტში“. მალევე დაიწყო სერიების გადაღება და პერსონალური გამოფენების მოწყობა. კერძოდ, იღებდა ძველ, დანგრეულ არქიტექტურულ ქალაქებს, თანამშრომლობდა საერთაშორისო პროექტებთან, უღებდა ფოტოებს ბავშვებს გულზე გაკეთებული ოპერაციების შემდეგ.

ის ქმნიდა პროექტ-ინსტალაციებს, მაგრამ 2013 წელს სამხატვრო ფოტოგრაფიიდან დოკუმენტურზე გადავიდა. მსტისლავის მასალები მსოფლიო ტოპ მედიასაშუალებებში ქვეყნდება, ახლა ის Associated Press-ის ჟურნალისტია.

„მე თავიდანვე მესმოდა, რომ ცხოვრებას ჟურნალისტიკას და ფოტოგრაფიას მივუძღვნიდი, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, რომ მალე ომის გადაღება მომიწევდა საკუთარ სახლში. მე არ ამირჩევია დოკუმენტალისტიკა, როგორც საკუთარი მუშაობის ძირითადი მიმართულება, მაგრამ მე გავხდი დოკუმანტალისტი ქვეყანაში, სადაც ომია“ , – ამბობს მსტისლავი.

ევგენიმ დაამატა: „გამოცდილება, რომელიც მე გამაჩნია, საშუალებას მაძლევს ახლა გაცილებით გააზრებულად ვიმუშაო. მე ევრომაიდანს ვიღებ, ომს 2014 წლიდან, უკანასკნელი რამდენიმე წელი – სამედიცინო პროექტებს, კოვიდის პანდემიას. ასე მგონია, რომ ყველაფერი, რაც ჩემს თავს ხდებოდა, მზადება იყო,  რომ ომში მემუშავა“.

ისინი გახდნენ ფოტოჟურნალისტები – სპეციალისტები, რომლებიც მხოლოდ სურათს კი არ ქმნიან, არამედ ვითარებას იაზრებენ, ესაუბრებიან გმირებს და დამოუკიდებლები არიან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას.

მამა მარიუპოლში 18 თვის შვილთან ერთად საავადმყოფოში გარბის. ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ფოტო: ევგენი მალოლეტკა

„უკრაინაში ბევრი სპეციალისტია ფოტოგრაფიის სხვადასხვა დარგში, მაგრამ ფოტოჟურნალისტიკა სხვა რამეა. ყველას არ შეუძლია იყოს ამით დაკავებულია, ვინაიდან, სამწუხაროდ, ეს სპეციალობა, ხშირ შემთხვევაში, დაკავშირებულია ადამიანის მწუხარებასთან, წვალებასთან. ძალიან ბევრი ტკივილია, რომელსაც შენ, როგორც ფოტო – ან ვიდეოჟურნალისტი, საკუთარი თავის გავლით უშვებ“,- ამბობს ევგენი.

უკრაინელი ჟურნალისტებისთვის ასეთი ტკივილი გახდა ომი, რომელიც 2014 წელს დაიწყო და დღესაც გრძელდება.

შენი ომი

მსტისლავ ჩერნოვი პროტესტებსა და რევოლუციებს უკვე 9 წელია იღებს. ის იღებდა სირიის ომებს, მთიან ყარაბაღს, ლიბანს, ერაყს, ღაზას სექტოს, ავღანეთს. თუმცა, ამბობს, რომ ყველაზე მთავარი და მტკივნეული ომი მისთვის ეს ისაა, რომელიც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ უკვე 8 წელია აწარმოებს.

„მხოლოდ იმიტომ არა, რომ უფრო ახლოსაა, არამედ იმიტომაც, რომ ასე დიდხანს გრძელდება. აღმოსავლეთის ქვეყნების გადაღებისას მე ყოველთვის ვბრუნდებოდი და აქ ვაგრძელებდი გადაღებას. ხალხი ყველგან იტანჯება და იღუპება, მაგრამ უკრაიანში მე ვხედავ, როგორ კვდებიან ჩემი მეგობრები, კოლეგები. შენ შეგიძლია გაეცალო ომს, რომელიც სხვაგან ხდება, მაგრამ ომის, რომელიც შენს სახლში მიმდინარეობს, ვერსად გაექცევი“ – ამბობს მსტისლავი.

ევგენი 2013-14 წლებში ევრომაიდანს იღებდა კიევში. ერთხელ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მას ხელი მოატეხეს და კამერა დაუმტვრიეს, რის შემდეგაც ის სამი კვირა თაბაშირით დადიოდა. 2020 წელს მალოლეტკა მთიან ყარაბაღში იყო წასული ომის გადასაღებად. ისევე, როგორც ყველა დანარჩენმა, მანაც სამხედრო ჟურნალისტობა ბრძოლის ველზე ისწავლა:

„ჩემი თაობიდან არავინ იცოდა, რა არის ომი. ცალკეული კოლეგები თანამშრომლობდნენ საერთაშორისო სააგენტოებთან და იყვნენ ნამყოფი ომში სხვა ქვეყნებში, მაგრამ როგორი იყო ყოფილიყავი სამხედრო ჟურნალისტი აქ, შენთან? ეს არავინ იცოდა. ჩვენ ყველაფერი 2014 წლის შემდეგ შევისწავლეთ.

მარიუპოლში სამშობიარო საავადმყოფოს დაბომბვა. ფოტო: ევგენი მალოლეტკა

იყო უცხოელი ომში – ეს უფრო ადვილია, როგორც გონებრივად, ისე ფიზიკურად. ყარაბაღში მე გავიცანი ხალხი, ვისზეც ვღელავდი. მე მტკიოდა, რომ ადამიანები იღუპებოდნენ. მაგრამ ეს, თითქოს, მაინც უცხოა შენთვის. ჯდები თვითმფრინავში, ბრუნდები ადგილზე, სადაც ბომბი არ ჩამოვარდება და ომი უკან დარჩა. შენ არ გაქვს იქ სახლი, არ გყავს ნათესავები. აქ კი შენი ხალხი კვდება ძმათა საფლავებში მხოლოდ იმიტომ, რომ ცუდ დროს ცუდ ადგილზე აღმოჩნდნენ ან მათ ტელეფონში რამე საეჭვო იპოვეს. არცერთი სიკვდილი არ გადის ისე, უბრალოდ. შენ ეს ისტორიები შენში დაგაქვს“.

2014 წელთან შედარებით, სამხედრო მოქმედებების ინტენსივობა და ადამიანური ტანჯვის მასშტაბი, რომელსაც ისინი აფიქსირებენ, გაცილებით მეტია. როგორც ევგენი ამბობს, ეს ცუნამის ჰგავს: მოდის და არ იცი, როდის გაჩერდება ის. თუმცა, არაფერი გრჩება შეგიძლია, გარდა იმისა, რომ მუშაობა განაგრძო. ამ ომში მალოლეტკა და ჩერნოვი ერთ-ერთ ყველაზე ცხელ ადგილს – მარიუპოლს იღებდნენ.

ის, რასაც ვერ მიეჩვევი

მარიუპოლში ყოველდღე საშიში იყო, მაგრამ არჩევანი ასეთია – ან გეშინოდეს და იჯდე სარდაფში, ან აიღო კამერა და აკეთო ის, რისთვისაც ჩამოხვედი.

ჟურნალისტები ბახმუტში 23 თებერვალს წავიდნენ და იქ სამხედროებთან ერთად მუშაობდნენ. საღამოს უკვე მიხვდნენ, რომ თავდასხმა იქნებოდა. გადაწყვიტეს, ომის შემთხვევაში, წინასწარ არსებული გეგმით ემოქმედათ: წასულიყვნენ მარიუპოლში, სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქალაქში.

„ჩვენ გვინდოდა ვყოფილიყავით მარიუპოლში, როდესაც ომი დაიწყებოდა, რადგან გვენახა, რა გამოვიდოდა აქედან“, – იხსენებს ევგენი.

მათი გზა ფრონტის ხაზთან ახლოს გადიოდა – წინა რამდენიმე დღე იქ სროლა მიმდინარეობდა. იმ ღამეს, სანამ მიდიოდნენ, წინა ხაზზე სიმშვიდე იყო. 3:30-ზე ადგილზე მივიდნენ, ხოლო ერთი საათის შემდეგ ყველაფერი დაიყო: სროლა, სარაკეტო თავდასხმები. მათ წინასწარ იქირავეს ორი ფართი – ნომერი სასტუმროში და სათადარიგო ბინა. სასტუმროში იყო გენერატორი, სარდაფი და რაღაც პროდუქტები პირველი კვირისთვის, რომელიც სასტუმროს თანამშრომლებმა მოიმარაგეს და თავიანთ სტუმრებს კვებავდნენ.

ქალაქში ომის პირველ დღეებში, თითქოს, გაუგებარი იყო, რა ხდებოდა. ჯერ კიდევ დადიოდა ავტობუსები, ყველაფერი უწინდებურად გამოიყურებოდა, უბრალოდ, სროლის ხმა უფრო ხმამაღალი იყო. მარიუპოლი მაშინ ჯერ კიდევ არ გამოიყურებოდა საშიშად. თანაც, ჟურნალისტები შემდეგნაირად მსჯელობდნენ: დიდ მარიუპოლს მაშინვე ვერ აიღებდნენ და მათ დრო ექნებოდათ, ემუშავათ და ეჩვენებინათ, თუ რა ხდებოდა.

ორსული მარიანას ფოტო მარიუპოლიდან სამშობიარო საავადმყოფოს დაბომბვის შემდეგ. ფოტო: მსტისლავ ჩერნოვი

ყველაფერი ძალიან სწრაფად შეიცვალა, სადღაც ერთ კვირაში. საღამოობით ისინი ახალ ამბებს კითხულობდნენ და როდესაც ხედავდნენ, როგორ ჩაითრიეს ხერსონი, ესმოდათ, რომ ალყა იქაც იქნებოდა. რუსულმა ჯარებმა გეზი ქალაქისკენ აიღეს. მთავარი გასასვლელები ჩაკეტილი იყო, ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს, რომ მათთვის უფრო უსაფრთხო იქნებოდა ალყაშემორტყმულ ქალაქში დარჩენილიყვნენ, ვიდრე გასვლა ეცადათ. თანდათან ისინი იცვლიდნენ ლოკაციას იმის გათვალისწინებით, თუ როგორ ვითარდებოდა ომი. რამდენიმე ღამე გაატარეს სარდაფში, სადაც თავშესაფარი რამდენიმე თასმა ადამიანმა იპოვა.

რაღაც დრო სასწრაფო დახმარების სადგურზეც გაატარეს, მაგრამ, ძირითადად, ქალაქის საავადმყოფოში ცხოვრობდნენ, ვინაიდან მისი მუშაობის შესახებ უნდოდათ, მოეყოლათ. მუშაობდნენ ყველგან, სადაც შეეძლოთ: ქუჩაში და თავშესაფარში, აფიქსირებდნენ ხალხის ყოველდღიურობას, საჭმლისა და ელემენტარული ნივთების დეფიციტს.

ქალაქში ძალიან ბევრი ადამიანი, ბავშვი დაიღუპა. ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც ჟურნალისტები მუშაობდნენ, 24 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით, 13 ბავშვის სიკვდილი დაფიქსირდა. ბავშვთა სიკვდილს ბევრი სხვა სამედიცინო დაწესებულება ხედავდა.

„გვამებს პირდაპირ ქუჩაში აწყობდნენ, ხანდახან საკუჭნაოში მიჰქონდათ. მათ შორის, ორი თვის ბავშვებიც იყვნენ“, – იხსენებს ევგენი.

საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლის დაბომბვის შესახებ, რომელთა კადრებიც მსოფლიომ ნახა, ყველამ ჩერნოვისა და მალოლეტკის ფოტოების წყალობით გაიგო. დასისხლიანებული, დამახინჯებული, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი ადამიანები ცდილობდნენ გადარჩენას და ღელავდნენ, რომ მათი ახლობლები გადარჩენილიყვნენ.

„ვცდილობდით, ისეთ ადგილებში ვყოფილიყავით, სადაც არ იყო ფანჯრები. ვისხედით კუთხეში, ბნელ ადგილებში, სადაც შუშის არაფერი იყო. მოგვიანებით კი, ყველაფერი სულერთი გახდა – შენ ხვდები, რომ სიკვდილი ახლოსაა, მაგრამ შენ გაქვს არჩევანი: ან წახვალ და იმუშავებ ან დაიმალები სარდაფში, სადაც ვერაფერს დაინახავ და ვერ გააკეთებ. თითქოს, არსებობს გარდამტეხი მომენტი, რის შემდეგაც შიში ქრება. მგონი, ზუსტად ასე მუშაობენ სამხედროებიც“ , – ამბობს ევგენი.

მსტისლავი ეთანხმება:

„საშიში იყო, მაგრამ უფრო საშიში ის გახლდათ, რომ არაფერი გვეკეთებინა. ზიხარ და არ იცი რა ხდება, არ გაქვს საშუალება, რომ ეს მოყვე. ჩვენ ყოველდღე გვეშინოდა, ყოველდღე გვინდოდა გადარჩენა, მაგრამ ყოველდღე მივდიოდით გადასაღებად“

შეიძლება შეეჩვიო სიკვდილს? მსტისლავი ვერ ითვლის, რამდენი სიკვდილი ნახა და რამდენი გადაიღო, მაგრამ…

სალტოვკას რაიონი ხარკოვში. სურათი: მესტილავ ჩერნოვი

„არა, ამას ვერ მიეჩვევი. შეიძლება მიეჩვიო გადაღებას, მაგრამ არა ყურებას. გრძნობ ტკივილს ადამიანების გამო, მაგრამ სხვანაირად მუშაობაც შეუძლებელია. თუკი ჩვენ არაფრის განცდა არ გვექნება, ვერ მოვყვებით, თუ რაოდენ საშინელია ომი“.

ბოროტება სიბნელეში მძვინვარებს

დისკუსია იმის შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანია ჟურნალისტიკა თანამედროვე ციფრულ სამყაროში, მომენტალურად კარგავს აზრს, როდესაც ბლოკირებულ ქალაქში იმყოფები: გაზის, წყლის, შუქის და ინფორმაციის გარეშე.

მარიუპოლი. ფოტო: ევგენი მალოლეტკა

ომი საშინელი და ბრუტალურია: მარტის მარიუპოლი, როგორიც ის მსტისლავმა და ევგენიმ დაიმახსოვრეს, – ეს ყველგან დაყრილი შუშის ნამსხვრევებია, ქვები, რკინის ნაგლეჯები, მეტალი, ადამიანების სისხლი, გვამები და გზებზე წაქცეული ხეები, მანქანების უწესო მოძრაობა, მასობრივი საფლავები. როდესაც ასეთ ქაოსში ხალხი ჟურნალისტებს ხედავდა კამერით ხელში – მიდიოდნენ და ეკითხებოდნენ: „რა ხდება?“

უკრაინული არხები გამორთული იყო, მაგრამ რუსული პროპაგანდა მუშაობდა. რადიოსადგურები უშვებდნენ ინფორმაცია ცრუ „ჰუმანიტარული დერეფნების“ შესახებ. ხალხი ინფორმაციას ჟურნალისტებთან ამოწმებდა, ხოლო ჟურნალისტები ხედავდნენ, თუ რა ხდებოდა ხალხის თავს, რომლებიც ინფორმაციას იყვნენ მოწყვეტილები.

„ხალხს აშინებენ, მათ არ იციან, რა ხდება გარშემო, ისინი ვერ უკავშირდებიან ახლობლებს, ეშინიათ და ეწყებათ პანიკა, ვინაიდან არ იციან, რა იქნება შემდეგ“, – ამბობს ევგენი.

მარტში ევგენი და მსტისლავი ჟურნალისტების ერთადერთი საერთაშორისო გუნდი იყო მარიუპოლში, რომელიც იქიდან მასალებს აგზავნიდა. სწორედ ისინი იყვნენ უკანასკნელი ჟურნალისტები, რომლებიც იქიდან ევაკუირდნენ იმ მუქარის შიშით, რომ მათ რუსი ჯარისკაცები იპოვიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები