ფინეთი გახდება ნატოს ძლიერი მოკავშირე, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტემ თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან და შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ფინეთის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ფინეთის ალიანსში გაწევრიანებაზე განაცხადის რატიფიცირება მალე განხორციელდება.
„ფინეთს ყოველთვის ჰქონდა ამაყი და კარგი ორმხრივი ურთიერთობა თურქეთთან. როგორც ნატოს მოკავშირეები, ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ თურქეთის უსაფრთხოებაზე, ისევე როგორც თურქეთი აიღებს ვალდებულებას ჩვენს უსაფრთხოებაზე. ჩვენ სერიოზულად ვეკიდებით ტერორიზმის საკითხს. ჩვენ ვგმობთ ტერორიზმს და აქტიურად ვართ ჩართული მის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ მზად ვართ, ღიად და კონსტრუქციულად განვიხილოთ ყველა ის შეშფოთება, რაც შეიძლება ჰქონდეს თურქეთს ჩვენს წევრობასთან დაკავშირებით. ეს დისკუსიები უკვე შედგა და მომდევნო დღეებში კვლავ გაგრძელდება“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 18 მაისს ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადი ოფიციალურად შეიტანეს.