ევროპარლამენტმა უკრაინიდან ექსპორტირებული საქონლისთვის, ერთი წლით, გადასახადის გაუქმებას დაუჭირა მხარი
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა უკრაინიდან ექსპორტირებული საქონლისთვის, ერთი წლის ვადით, ყველა გადასახადის შეჩერებას, რომ ამ გზით ომის პირობებში მყოფი ქვეყნის ეკონომიკის მხარდაჭერა მოხდეს.
ამის შესახებ ევროპარლამენტის პრესსამსახურის კომუნიკეშია ნათქვამი.
ვაჭრობის დროებით ლიბერალიზაციას მხარი 515-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 32 იყო, ხოლო 11-მა თავი შეიკავა.
ცვლილებები მთლიანად გამორიცხავს შეტანის გადასახადებს სამრეწველო პროდუქტებზე, ხილ-ბოსტნეულზე, ასევე, ანტიდემპინგურ გადასახდელებს ფოლადზე.
გადაწყვეტილება ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან ერთი დღის ვადაში შევა.
ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიხედვით, უკრაინულ კომპანიებს 2016 წლიდან აქვთ ევროპულ ბაზარზე შეღავათიანი წვდომა.
ამჟამად, ევროკავშირი უკრაინის უმსხვილესი პარტნიორია, რომელსაც საქონლით ვაჭრობის 40%-ზე მეტი უკავია. უკრაინა ევროკავშირისთვის მეთხუთმეტე უმსხვილესი პარტნიორია.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge