სპეციალური საგამოძიებო სამსახური მარნეულში მოქალაქის თვითმკვლელობამდე მიყვანის და სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიებას აქტიურ რეჟიმში აწარმოებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მარნეულში მოქალაქე რ.ბ.-ის თვითმკვლელობამდე მიყვანის და სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით აქტიურ რეჟიმში აწარმოებს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქმეზე დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ამოღებულ იქნა მნიშვნელოვანი ნივთმტკიცებები, მათ შორის გარდაცვლილის ტანსაცმელი და კვლევისათვის საჭირო ნიმუშები, ასევე გამოიკითხა გარდაცვლილის ძმა.
“მოქალაქე რ.ბ-ს რაიონულ სასამართლოში ყოფნის ამსახველი ვიდეო-კამერების ჩანაწერების თაობაზე მიემართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო, ტრასოლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზები.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური, საქმის გარემოების დასადგენად საჭირო ყველა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებას შემჭიდროებულ ვადებში ჩაატარებს. ასევე, გამოიკითხებიან საქმესთან შემხებლობაში მყოფი შსს-ს მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიმდინარე გამოძიებაში რ.ბ.-ის ოჯახის წევრების ჩართულობას და მათთვის საქმის მასალების გაცნობას სრულად უზრუნველყოფს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.