გორის მუნიციპალიტეტში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე ადგილობრივი მეწარმეების ნამუშევრებისა და პროდუქციის გამოფენა – გაყიდვის პარალელურად, ბავშვებთა საესტრადო ანსამბლის კონცერტი მიმდინარეობდა.
„მინდა მოგილოცოთ მუზეუმის საერთაშორისო დღე!
განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენი მუზეუმების თანამშრომლებს, რომლებიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სადარაჯოზე დგანან. გისურვებთ მშვიდობას, ჯანმრთელობას, პროფესიულ წარმატებებს და ვიზიტორების სიმრავლეს! გვიგულეთ თქვენს გვერდით ყოველთვის!
მერია ყოველთვის ზრუნავს იმისთვის, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებული მუზეუმების ინფრასტრუქტურა იყოს მოწესრიგებული, ექსპონატები დაცული და სამუზეუმო სივრცეები საინტერესო დამთვალიერებლისთვის“, – აღნიშნა თამაზ შიოშვილმა
გორის მუნიციპალიტეტი მდიდარია მუზეუმებით, რომლებიც ამ დღის აღნიშვნას შეუერთდნენ ღია კარის დღის გამოცხადებით და სხვადასხვა ღონისძიებებით. გარდა უფლისციხისა, დღევანდელი დღე სხვადასხვა სახის შემოქმედებითი აქტივობებით იყო დატვირთული სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმში. უსასყიდლოდ ემსახურებოდა ვიზიტორებს საბრძოლო დიდების მუზეუმი, ნიკო ლომოურის მუზეუმი (არბო) და ალექსანდრე ჯავახიშვილის მუზეუმი (ძევერა).
აქტივობები დაიგეგმა ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მიერ.