საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის (ARIS)-ის პრეზენტაცია გაიმართა
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის (ARIS)-ის პრეზენტაცია გაიმართა.
პარლამენტის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის (ARIS)-ის შესახებ ინფორმაცია წარადგინა.
გენერალურმა აუდიტორმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე პარლამენტის ზედამხედველობის მნიშვნელობაზე და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონულ სისტემაზე – ARIS.SAO.GE ისაუბრა. მისი განმარტებით სისტემა დამოუკიდებელ რეჟიმში უზრუნველყოფს მონიტორინგს. პროგრამა საშუალებას იძლევა აუდიტები, ასევე გაცემული რეკომენდაციები, სამოქმედო გეგმა იყოს გაწერილი ელექტრონულ ფორმატში და მათი შესრულების ვადების კონტროლი მოხდეს ავტომატიზირებულად. ARIS.GE სისტემასთან წვდომა საშუალებას იძლევა რეალურ დროში მოხდეს აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მათზე რეაგირება. ირაკლი მექვაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა სარგებელზე, რომლის სისტემა ამუშავების შემდეგ მოიტანს მონეტარული, სახელმწიფო სერვისების ხარისხის გაუმჯობესების, საკადრო რესურსების, აქტივების და ფინანსური სისტემის მართვის, ასევე შიდა კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესების, კანონის აღსრულების და სოციალური სარგებლის ზრდის მიმართულებით.
„სისტემაში განსაკუთრებული დაშვებით ჩართული იქნება პარლამენტი და პარლამენტს ექნება საშუალება დიდი სურათი დაინახოს როგორც ცენტრალური მთავრობის, ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე, თუ რა დასკვნები აქვს აუდიტის სამსახურს, რა რეკომენდაციების გაცემა ხდება, რა მიგნებებია და როგორ სრულდება ეს რეკომენდაციები.
პარლამენტი მთლიანად, საჯარო სექტორის ჭრილში დაინახავს თუ რა ვითარებაა კონკრეტულ მომენტში რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით და ექნება მუდმივად განახლებადი ინფორმაცია. ვფიქრობ, ამ სისტემის დანერგვით ჩვენ თვისობრივად ახალ დონეზე გადავალთ და ერთობლივად ჩვენი და პარლამენტის მუშაობის შედეგად ჩვენი რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება”,-განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.