„პირველი მკვლელი სიჩქარის გადაჭარბებაა, ქალაქებში ავტომანქანით გადაადგილებისთვის მაქსიმუმ 50 კმ/სთ-იანი ზონები უნდა იყოს“ – ირაკლი იზორია
ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისას პირველი მკვლელი როგორც გლობალურად, ისე საქართველოში, სიჩქარის გადაჭარბებაა, – ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა, ირაკლი იზორიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
იზორიამ გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულის შესახებ ისაუბრა, რომელიც 16-22 მაისს იმართება და რომელიც ურბანულ გზებზე სიჩქარის ლიმიტების შემცირებას ეხება.
იზორიას თქმით, ქალაქებში ავტომანქანით გადაადგილებისთვის მაქსიმუმ 50 კმ/სთ-იანი ზონები უნდა იყოს.
„2022 წელს საქართველოში გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეული აღინიშნება, რომელიც გზებზე სიჩქარის ლიმიტების შემცირებისა და მისი მართვის საკითხებს ეხება. კვირეულის გზავნილია – „იმოქმედე, შეანელე და ქუჩები სიცოცხლისთვის.“ 2021 წელს გაერო-მ ათწლეულის საგზაო უსაფრთხოების დეკადა შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს, 2030 წლამდე საგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50%-ით შემცირდეს. ამას ყველა ქვეყანა უერთდება. ამ კვირეულის განხორციელებისას ჩვენი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ გადაწყვეტილებების მიმღებებს მოვუწოდოთ, გარკვეული ღონისძიებები გაზარდონ, საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელონ, რათა საქართველოს გზებზე უფრო ნაკლები ადამიანი დაიღუპოს.
მინდა, ყურადღება სიჩქარის პრობლემატიკაზე გავამახვილო, ვინაიდან ბევრმა მოქალაქემ არ იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენს გზებზე სიჩქარის შემცირება. გეტყვით, რომ ევროპაში არ არსებობს ქვეყანა, სადაც დასახლებულ პუნქტში ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა 60 კმ/სთ -ით იყოს დაშვებული, როგორც ეს საქართველოშია. უსაფრთხო სიჩქარის ლიმიტად შეიძლება, 50 კმ/სთ იწოდებოდეს. თუმცა, ჩვენ 15 კმ/სთ-იანი ზრდა გვაქვს. მაგალითად, თუ ქალაქში დაშვებულია 60კმ/სთ, ამას + 15 კმ/სთ ემატება. ეს კი 75 გამოდის, რაც ძალიან მაღალია. ჩვენ ვითხოვთ, რომ ქალაქის ურბანული დასახლებები ევროპულ ქალაქებს დაემგვანოს და ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისთვის მაქსიმუმ 50 კმ/სთ-იანი ზონები იყოს. ასევე, შსს-მ ამ 15 კმ/სთ-იან დამატებასთან დაკავშირებით მიდგომა შეცვალოს. ბევრი ევროპული ქვეყანა იყენებს მიდგომას, რომლის მიხედვითაც მხოლოდ 10 %-იანი ზრდა ხდება. ანუ, თუ ქუჩაში 50 კმ/სთ-ით გადაადგილებაა დაშვებული, მძღოლს 5-ით შეუძლია გადაჭარბება. ამის დანერგვა აუცილებელია“, – განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, სასკოლო ზონებთან მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ იყოს.
„გაერო-ს კვირეულის ფარგლებში, უკვე გვქონდა მედიაშეხვედრა, კონფერენცია. ასევე, გუშინ ერთ-ერთ სკოლაში საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მოსწავლეებს შევხვდით. ეს მოსწავლეები დათის კლასელები იყვნენ, ბავშვის, რომელიც შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა. ხვალ მაღალი დონის კონფერენცია იგეგმება, სადაც მოწვეული გადაწყვეტილების მიმღები პირები იქნებიან. საგზაო უსაფრთხოების პრობლემურ საკითხებზე ვისაუბრებთ. ასევე, უნივერსიტეტ „ალტეში“ სტუდენტებთან შეხვედრას ვგეგმავთ, რათა მათ საგზაო უსაფრთხოების ის რისკფაქტორები გავაცნოთ, რაც საქართველოშია.
ასევე, შარტავს ქუჩაზე, სადაც დათი ავტოსაგზაო შემთხვევაში მოჰყვა, აქციას გავმართავთ. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ სიჩქარის გადაჭარბებას თავი ავარიდოთ.
კვირეულის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი უსაფრთხო სასკოლო ზონებს ეხება. ბავშვების მონაწილეობით ბევრი საგზაო შემთხვევა მომხდარა. სასკოლო ზონების მიმართულებით კამპანია გლობალურად დაიწყო, რაც იმას გულისხმობს, რომ სასკოლო ზონებთან მაქსიმალური სიჩქარე 30 კმ/სთ უნდა იყოს. ეს მიღებული პრაქტიკაა. სხვადასხვა მუნიციპალიტეტს, თბილისის მერიას მოვუწოდებთ, რომ 30 კმ/სთ-იანი ზონები შეიქმნას. საქართველოში უკვე, დაახლოებით, 50-მდე სასკოლო ზონა მოეწყო. იმედი მაქვს, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები ამას გულთან მიიტანენ, რადგან საქმე ჩვენს შვილებს, მომავალს ეხება. სასკოლო ზონებთან 30 კმ/სთ -იანი მარჟები უნდა დაწესდეს“, – განაცხადა იზორიამ.
ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშსაც გამოეხმაურა, რომელიც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის თემას ეხება.
„ასევე მინდა, ყურადღება აუდიტის სამსახურის ანგარიშზე გავამახვილო, რომელიც რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. მსგავსი ანგარიში უწყებამ 2018 წელსაც გამოაქვეყნა, სადაც შსს-ს მიერ აღსრულების მექანიზმები შეაფასა, ანუ სიჩქარის მიმართულებით აღსრულება რამდენად ეფექტიანად ხდებოდა. აუდიტის სამსახურმა იგივე კვლევა 2022 წელსაც გაიმეორა. ამ ანგარიშის მომზადებაში ჩვენი ფონდიც ჩართული იყო. ბევრი რეკომენდაცია, რომელიც 2018 წელს გაიცა, შესრულებული ჯერ კიდევ არაა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აუცილებელია, სიჩქარის მართვა უფრო გაუმჯობესებულად განხორციელდეს. პირველი რეკომენდაცია იმას ეხება, რომ ჩვენს გზებზე სექციური რადარებით და კამერებით მაღალგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებების დაჯარიმება ვერ ხერხდება. ანუ ავტობუსები, ტრაილერები არ ჯარიმდებიან, რადგან კამერას მათი ამოცნობა უჭირს და ეს ფუნქცია ჯერჯერობით დამატებული არაა. ხშირად ეს მაღალგაბარიტიანი სატრანსპორტო საშუალებები გზატკეცილზე სიჩქარის გადაჭარბებით მოძრაობენ და საგზაო შემთხვევები ლეტალურად მთავრდება.
აუდიტის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში კამერების 17 %-ზე მეტი გათიშულია. კამერებს ე.წ. დეტექციის ფუნქცია არ გააჩნია. თუ კამერა ფუჭდება, სამინისტროს მიმართულებით ავტომატურ შეტყობინებას არ იძლევა, რომ გაფუჭებულია და შეკეთებას საჭიროებს. კამერების შემოწმება მხოლოდ მანუალურად ხდება. წარმოიდგინეთ, რამდენად რთულია ამდენი კამერა ხელით შევამოწმოთ, მუშაობს, თუ არა. მნიშვნელოვანია დეტექციის ფუნქცია დაემატოს.
აუდიტის სამსახური ასევე იძლევა რეკომენდაციას, უკონტაქტო პატრულირება გაძლიერდეს. სულ თითზე ჩამოსათვლელი უკონტაქტო პატრული გვყავს.
როცა მართვის მოწმობის ქულათა სისტემა მივიღეთ, მაშინ რეფორმა წარმატებულად ჩავთვალეთ, თუმცა, მისი ბოლომდე განხორციელება ვერ მოხდა, რადგან ქულათა სისტემაზე სიჩქარის გადაჭარბების მიბმა არ მოხდა. როცა სიჩქარის გადაჭარბებაზე ვიდეოჯარიმა იწერება, ქულების ჩამოკლება აუცილებლად უნდა მოხდეს. პირველი მკვლელი, როგორც გლობალურად, ისე საქართველოში სიჩქარის გადაჭარბებაა. უნდა გადმოვიღოთ ევროპული პრაქტიკა, სიჩქარის გადაჭარბების თემა ქულებს უნდა მივაბათ“, – განაცხადა იზორიამ.
თამუნა შეყილაძე