„უდიები – 100 წელი საქართველოში“: ფოტოგამოფენასთან ერთად საჯარო დისკუსია გაიმართება
21 და 22 მაისს, „კავკასიურ სახლში“ „უდიები – 100 წელი საქართველოში“: ფოტოგამოფენა და საჯარო დისკუსია გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კავკასიის ალბანელთა შთამომავლების – უდიების თემატიკასთან დაკავშირებით ფოტოგამოფენა გაიხსნება 21 მაისს, 15:00 საათზე, ხოლო საჯარო მოხსენება/დისკუსია – 22 მაისს, 15:00 საათზე გაიმართება (ფოტოგამოფენის დათვალიერება შესაძლებელი იქნება 22 მაისსაც).
მომხსენებლები: ანა აივაზაშვილი – უდიური თემის აქტივისტი და ორგანიზაცია ,,საქართველოს უდიების” თანადამფუძნებელი;
ალექსანდრე ქავთარაძე – ისტორიკოსი და ორგანიზაცია ,,საქართველოს უდიების” თანადამფუძნებელი.
ცნობისათვის: 2022 წელს საქართველოში აზერბაიჯანიდან გადმოსული უდიების ერთი ნაწილის დასახლების 100 წლისთავი აღინიშნება.
1922 წელს, ზინობი სილიკაშვილის თაოსნობით, ვართაშენის (ამჟამინდელი ოღუზი) და ყიშლაღის უდიების ნაწილი გადმოვიდა საქართველოში, მაშინდელ თელავის მაზრაში (ამჟამინდელ ყვარლის მუნიციპალიტეტში) და დაიწყო სოფელი ზინობიანის მშენებლობა. ამ ღირშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით ,,კავკასიური სახლი”, ორგანიზაცია ,,საქართველოს უდიებთან” თანამშრომლობით, მასპინძლობს ორდღიან ღონისძიებას.