რუსეთი აცხადებს, რომ „აზოვსტალიდან“ დაჭრილი უკრაინელი ჯარისკაცების ევაკუაციის შესახებ შეთანხმება მიღწეულია

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ფოლადის საწარმოდან დაჭრილი უკრაინელი ძალების ევაკუაცია დაწყებულია.

ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„16 მაისს მარიუპოლში, „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში ბლოკირებულ უკრაინელ სამხედრო მსახურების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეული იქნა შეთანხმება დაჭრილების გაყვანის შესახებ“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

მათივე ცნობით, დაჭრილი სამხედროები ე.წ დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მყოფ სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ.

„ამჟამად, ქარხნის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დამყარდა და გაიხსნა ჰუმანიტარული დერეფანი, რომლის გავლითაც უკრაინელი სამხედრო მსახურები დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში მყოფ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავთ, რათა უზრუნველყონ ისინი ყველა საჭირო დახმარებით“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები