სვანეთში მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილ თეზო ჯაფარიძეს სამშაბათს დაკრძალავენ

   სვანეთში მომხდარი ტრაგედიისას გარდაცვლილ თეზო ჯაფარიძეს სამშაბათს დაკრძალავენ. ჯაფარიძეს ორშაბათს გვიან ღამით საცხოვრებელი სახლიდან მესტიის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარში გადაასვენებენ. სამშაბათს კი მესტიაში ჯაფარიძეებს საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალავენ.
რაც შეეხება თეზო ჯაფარიძის მეგობრის შვილის მდგომარეობას, რომელიც ტრაგედიის დროს დაშავდა, ამ დრომდე იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოში მკურნალობს. როგორც „კვირას იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განუცხადა, 6 წლის გიორგის მდგომარეობა სტაბილურია და ამ დრომდე კლინიკის მედპერსონალის დაკვირვების ქვეშ იმყოფება.
„ბავშვს ხელი აქვს მოტეხილი. ამ ეტაპზე ქირურგიულ ოპერაციას არ ვაპირებთ, პატარა ტრავმატოლოგის დაკვირვების ქვეშ იმყოფება. თუ გადაწყდა ოპერაცია, მაშინ მას გეგმიური პროგრამის ფარგლებში ოპერაცია ჩაუტარდება“, – აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, რომ მესტიაში უბედური შემთხვევის შედეგად სასტუმრო „თეთნულდის“ დირექტორი თეზო ჯაფარიძე და მისი მეგობარი – შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი ეკატერინე კერესელიძე გარდაიცვალნენ. მესტიაში მომხდარ ფაქტზე შს სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

იზა შაქარაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები