დავით ქართველიშვილი – კონგრესში ტრამპის გამოსვლაზე: ეს იყო ლიბერალური ფაშიზმისთვის გამოტანილი განაჩენი, მათ შორის – ქართველი ფაშისტების იდეოლოგიისთვის გამოტანილი განაჩენი
„ტრამპმა კონგრესში ახალი არაფერი თქვა, რაც აქამდე არ გაგვიგია. მაგრამ ეს „ყველაფერი“ ითქვა არა ბრიფინგზე, არა ჟურნალისტების წინ – ეს ითქვა კონგრესის წინაშე, როგორც ტრამპის მიერ ოფიციალურად გაცხადებული კურსი“, – ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კონგრესში წარმოთქმული მოხსენება.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ტრამპის გამოსვლამ ცხადყო, რომ ვაშინგტონი არა საქართველოში მოქმედ ლიბერალ-ფაშისტებს, არამედ სახელისუფლებო კურსს უმაგრებს ზურგს.
„ვკითხულობ უკრაინაში მებრძოლი ქართველების გულამაჩუყებელ სტატუსებს, რომლებიც, როგორც ჩანს, ფრონტის ხაზზე უფასო „wi-fi“-ით სარგებლობენ ჩემთვის გაუგებარი ხერხით. აი იმათ, გუშინ ჩვენ რომ გვაგინებდნენ, დღეს რომ ჩვენს „ოპოზიციას“ აგინებენ, მაგრამ ხვალ ტრამპს რომ აგინონ, ამის გამბედაობა ჯერ არ ჰყოფნით.
ვკითხულობ მიხეილ „ვივამედსკის“, რომელსაც ჯერ კიდევ გუშინ ჰყოფნიდა ტრამპის მიწასთან გასწორების „გამბედაობა“ და უკანასკნელ უკრაინელამდე ომის გაგრძელების მომხრე იყო – დღეს ამაზე დემენციის მორიგი რეციდივი დაემართა და ტრამპისა და ზელენსკის „მეგობრულ“ ჩახუტებას და უკრაინაში ომის სწრაფად დასრულებას ეხმაურება.
ვკითხულობ ნაცების ტოპ-ტვინებს, რომლებიც ამ ეტაპზე „შეგნებულად არ ახდენენ ტრამპის შეფასებას დემოკრატიული ნორმების და ღირებულებების პოზიციებიდან და წმინდა მაკიაველური ლოგიკით აკვირდებიან მას“. მოთმინებით ველოდები „ტრამპ-ოლე-ოლეს“ ახალი სიმღერის შემსრულებელს „ევროვიზიაზე“ წარსადგენად.
დღეს ბევრმა დაწერა, რომ ტრამპმა კონგრესში ახალი არაფერი თქვა, რაც აქამდე არ გაგვიგია. მაგრამ ეს „ყველაფერი“ ითქვა არა ბრიფინგზე, არა ჟურნალისტების წინ – ეს ითქვა კონგრესის წინაშე, როგორც ტრამპის მიერ ოფიციალურად გაცხადებული კურსი.
თუ რა ეფექტი მოახდინა ტრამპის 100-წუთიანმა გამოსვლამ, ამაზე თუნდაც დემოკრატ-ლიბერალების კრებსითი სახის – ნენსი პელოსის გამომეტყველებაზე იკითხებოდა. მისი გამოსვლა იყო ლიბერალური ფაშიზმისთვის გამოტანილი განაჩენი. მათ შორის – ქართველი ფაშისტების იდეოლოგიისთვის გამოტანილი განაჩენი.
აწი, გინდ დომბასთან „სანგრებიდან“, გინდ „ვივამედიდან“, გინდ „მაკიაველისეულად“ და გინდ სიმღერების წერით: მსოფლიო ახალ დღის წესრიგთან ჩვენი შეპყრობილების „გადატვირთვა“ – Mission Impossible-ს კატეგორიის ამოცანაა. დღეს არა ჩვენს ლიბერალ-ფაშისტებს, არამედ უკვე ჩვენ გვიმაგრებს ზურგს ვაშინგტონი.
P.S.: და სწორედ ამ ყველაფრის ფონზე მიმდინარეობს საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის ყოველდღიური ნაყოფიერი მუშაობა…“, – წერს დავით ქართველიშვილი.