სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფის გასვლითი შეხვედრა გაიმართა
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ორგანიზებით, „სახელმწიფო ვალი და ფისკალური სტაბილურობა კოვიდპანდემიის გავლენით” საკითხზე ბორჯომში თემატური მოკვლევის ჯგუფის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
„თითქმის სამი თვიანი სამუშაო პროცესი სრულდება. დღეს შევიმუშავებთ გარკვეულ რეკომენდაციებს, რომელიც სამომავლოდ ხელს შეუწყობს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის კუთხით ხელისუფლების სტრატეგიის გაუმჯობესებას სახელმწიფო ვალის მართვის მიმართულებით,”- აღნიშნა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.
მისი თქმით, საბოლოო დოკუმენტი რეკომენდაციებთან ერთად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს განსახილველად უახლოეს მომავალში წარედგინება. მიმდინარე წლის თებერვალში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით და ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტთან (NDI) თანამშრომლობით, თემატური მოკვლევის ჯგუფი შეიქმნა.
ჯგუფის წევრები არიან დეპუტატები: ირაკლი კოვზანაძე, პაატა კვიჟინაძე, რომან გოცირიძე, გოგი მეშველიანი, რიმა ბერაძე, გიორგი ვაშაძე, ირაკლი ზარქუა, ირაკლი მეზურნიშვილი. თემატური მოკვლევის ჯგუფის მთავარი მომხსენებელი კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეა. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ დეპუტატები, ფინანსთა სამინისტროს, სახელმწიფო აუდიტის, ეროვნული ბანკის, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისისა და კვლევითი ცენტრის, ასევე NDI-ის წარმომადგენლები.