ნდობის ჯგუფის სხდომაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს მოუსმინეს

პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე დაზვერვის სამსახურის უფროსმა, შალვა ლომიძემ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე და რუსეთის მიერ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების უსაფრთხოების გარემოზე ზეგავლენის შესახებ ისაუბრა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრა დახურულ ფორმატში წარიმართა, რომლის დასრულების შემდეგ, ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბერაიამ შეხვედრაზე განხილული საკითხები შეაფასა.

„შეხვედრაზე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შესახებ ინფორმაცია წარადგინა. ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ტენდენციების შესახებ და რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომზე, რეგიონის ქვეყნების უსაფრთხოებაზე მისი გავლენის შესახებ და მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარებზე და ძირითად ტენდენციებზე ვისაუბრეთ. შეხვედრამ საინტერესოდ ჩაიარა და ნდობის ჯგუფის წევრებმა ჩვენ კითხვებზე ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ. უნდა აღინიშნოს, რომ ნდობის ჯგუფს დაზვერვის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობა აქვს, რასაც მოწმობს ის ფაქტიც, რომ მიმდინარე წელს, უკვე რიგით მეორე მოსმენა გაიმართა”, – აღნიშნა ირაკლი ბერაიამ.

ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, ნდობის ჯგუფის ფორმატში მსგავსი შინაარსის მოსმენები, მიმდინარე წლის განმავლობაში, აქტიურად გაგრძელდება. ნდობის ჯგუფის სხდომას, ჯგუფის წევრები, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და პარლამენტის წევრი თეიმურაზ ჯანაშია დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები