გია ვოლსკი – მელიას განცხადებაზე: ჰგონიათ, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ქართველებმა არ იციან, აქ რა ხდება
გაცილებით იოლია დეზინფორმაციის, ფეიქ ნიუსების საზღვარგარეთ გავრცელება და ამათ ჩამოუყალიბდათ არასწორი, უსაფუძვლო დამოკიდებულება ემიგრანტების მიმართ, – ასე შეაფასა პარლამენტის ვიცესპიკერმა, გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადება.
ვოლსკის თქმით, “ნაცმოძრაობას” ჰგონია, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ქართველებმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ არ იციან.
“ჰგონიათ, რომ რახან მათი საინფორმაციო ინტერნეტრესურსი უფრო ძლიერია და კარგად არის გაშლილი საზღვარგარეთ, ჰგონიათ, რომ საზღვარგარეთ მყოფმა ქართველებმა არ იციან აქ რა ხდება”, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ გადაცემაში „რეაქცია“ განაცხადა: „იცით, ქალბატონი სანდუ როგორ გახდა პრეზიდენტი? 260 ათასი მოლდოველი ემიგრანტი მივიდა საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე… ერთი ერთში გაკეთდება ის, რაც გაკეთდა მოლდოვაში“.