იუსტიციის მინისტრი „ნაცმოძრაობაზე“ – რა გზავნილიც მიიღეს, იმას ავრცელებენ ბრმად, ელემენტარული წარმოდგენა არ აქვთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც მე ძალიან მაგონებს კომუნისტურ პარტიას, რა ერთი გზავნილიც მიიღეს, იმას ავრცელებენ ბრმად, ისე, რომ ელემენტარული წარმოდგენა არ აქვთ ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ნაციონალურ მოძრაობის“ მხრიდან საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარებზე განაცხადა.

მისი თქმით, იმ თანამშრომლებზე, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ მიხეილ სააკაშვილზე, შეურაცხმყოფელი კამპანია მიმდინარეობს.

„ძალიან ხშირად ვრცელდება პრაქტიკულად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები. ქალბატონი გიული საუბრობდა იმის შესახებაც, რომ ძალიან კმაყოფილია ექიმებით, პერსონალით, კლინიკით. ბუნებრივია, მეორე სერიაში, როდესაც ჩვენ შევთავაზეთ გადაყვანა, ყველა გამოდის მეორე მხრიდან და საუბრობს, რომ აუცილებელია საზღვარგარეთ გადაყვანა, ოღონდ ისე, რომ საერთოდ არ იცნობენ ამ ადამიანის სამედიცინო ისტორიას, არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქვთ მოკითხული და ეს ბუნებრივია პოლიტიკური გზავნილია.

სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ აქ, ეს პოლიტიკური ძალა, რომელიც მე ძალიან მაგონებს კომუნისტურ პარტიას, რა ერთი გზავნილიც მიიღეს, იმას ავრცელებენ ბრმად, ისე, რომ ელემენტარული წარმოდგენა არ აქვთ ამ ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მთელი ამ ისტორიის განმავლობაში ვხედავთ ლანძღვა-გინებას იმ თანამშრომლების, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ მიხეილ სააკაშვილზე. მინდა ეს შესაძლებლობა გამოვიყენო და მადლობა გადავუხადო მათ, რასაც აკეთებენ თითოეული პატიმრისთვის. ჩვენ ვხედავთ მხოლოდ შეურაცხმყოფელ კამპანიას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები