ახალგაზრდობის სააგენტოსა და „ოტია იოსელიანის საზოგადოებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და „ოტია იოსელიანის საზოგადოებას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
ახალგაზრდობის სააგენტოს მხრიდან მემორანდუმს მისმა ხელმძღვანელმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, სოსო გიორგაძემ მოაწერა ხელი, ხოლო „ოტია იოსელიანის საზოგადოების“ მხრიდან მისმა ხელმძღვანელმა – დაჩი (აბესალომ) იოსელიანმა. მემორანდუმს ხელი ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმში მოეწერა და ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ოტია იოსელიანის შთამომავლები და ოტია იოსელიანის სახელობის საკვირაო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები დაესწრნენ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმთან დაკავშირებით სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, სოსო გიორგაძემ აღნიშნა, რომ მემორანდუმის ფარგლებში, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და „ოტია იოსელიანის საზოგადოების“ თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესი იქნება ბავშვებსა და ახალგაზრდებში კულტურისა და ხელოვნების მიმართულებით ცნობიერების ასამაღლებლად და მათი საინტერესო პროექტებში ჩართულობისა და კულტურაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. მან იმედი გამოთქვა, რომ მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები წარმატებული და ნაყოფიერი იქნება და ახალგაზრდობის სააგენტოს მხრიდან სრული მზადყოფნა გამოთქვა, საერთო მიზნების მისაღწევად ურთიერთთანამშრომლობისთვის.
თეა წულუკიანმა და სოსო გიორგაძემ ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს, ოტია იოსელიანის სახელობის საკვირაო სკოლის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და საკვირაო სკოლის მოსწავლეების მიერ დადგმულ ლიტერატურულ წარმოდგენას დაესწრნენ.
ინფორმაციისთვის, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსა და „ოტია იოსელიანის საზოგადოებას“ შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გულისხმობს ქვეყნის წინსვლაში ეროვნული კულტურის, ხელოვნებისა და მისი განვითარების ხელშეწყობას, ასევე, კულტურისა და ხელოვნების სფეროში ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ცოდნის გაღრმავებას. კერძოდ, მემორანდუმის მიზანია, ბავშვებსა და ახალგაზრდებში ლიტერატურის, თეატრის, მხარეთმცოდნეობის, ფოტოხელოვნების, გამოყენებითი ხელოვნებისა და სხვა მიმართულებებით ცოდნის ამაღლება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები