ნინო იობაშვილი: საქართველო გმობს რუსეთის მიერ წარმოებულ სამხედრო აგრესიას უკრაინის ტერიტორიაზე, მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო იობაშვილმა მონაწილეობა მიიღო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაში თემაზე – „ეუთოს როლი უკრაინაში მიმდინარე ომსა და მის შედეგებთან გამკლავების პროცესში“.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრმა ნინო იობაშვილმა შეხვედრაზე, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად, რეგიონში უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

უწყების ინფორმაციით, სიტყვით გამოსვლისას, ნინო იობაშვილმა რუსეთის აგრესიული ქმედებები დაგმო და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. მისი თქმით, როგორც ოკუპაციის, ისე ომის დასრულების ერთადერთი მექანიზმი არის საერთაშორისო ძალისხმევის გაძლიერება.

„მიმდინარე ტრაგედიების ფონზე, საქართველომ უკრაინას როგორც პოლიტიკური ისე, ჰუმანიტარული მიმართულებით, მაქსიმალური მხარდაჭერა გამოუცხადა. საქართველო გმობს რუსეთის მიერ წარმოებულ სამხედრო აგრესიას უკრაინის ტერიტორიაზე, აღიარებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას გააერთიანოს ძალისხმევა საქართველოსთან მიმართებაშიც, რადგან საქართველომ რუსეთის აგრესია იხილა ჯერ კიდევ 90-იან წლებში ისევე, როგორც 2008 წელს. ოკუპაციის მძიმე შედეგებს ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სადაც ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით ძალიან მძიმე ვითარებაა“, – განაცხადა ნინო იობაშვილმა.

პარლამენტის ცნობით, საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, რომ  შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ნინო იობაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება გააძლიერებს ძალისხმევას, რადგან ომისა და ოკუპაციის დასრულების საკითხში საერთაშორისო თანამეგობრობის ერთსულოვნება გადამწყვეტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები