საქართველოსა და ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების მზაობა დაადასტურეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში, ესპანეთის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრ ხოსე მანუელ ალბარესთან შეხვედრა გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები და მაღალი დონის მჭიდრო კონტაქტები. მიესალმნენ ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს, რაც კარგ საშუალებას იძლევა დაისახოს ორმხრივი კავშირების განმტკიცების სამომავლო პერსპექტივები.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და აღინიშნა ესპანეთის მხარდაჭერა ამ მიმართულებით, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის და  ევროკავშირის მხრიდან თვითშეფასების კითხვარის განხილვის პერიოდში. მაღალი შეფასება მიეცა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევას და ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდგომ მნიშვნელოვან ხელშესახებ პროგრესს. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ევროკავშირის მხრიდან როგორც საქართველოს ასევე ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მისწრაფებებისა და შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობას.

რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე საუბრისას მინისტრებმა მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ასევე შეშფოთება გამოთქვეს უკრაინაში მიმდინარე ომის და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ამ პროცესების ნეგატიური გავლენის გამო.

ილია დარჩიაშვილმა და ხოსე მანუელ ალბარესმა ისაუბრეს საქართველოსა და ესპანეთის ორმხრივი ურთიერთობის სხვადასხვა სფეროებზე, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განმტკიცების შესაძლებლობებზე, მინისტრები შეთანხმდნენ მაღალი დონის კონტაქტების ინტენსიფიკაციაზე.  ილია დარჩიაშვილმა კოლეგა ვიზიტით საქართველოში მიიწვია“, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები