ეკა ხერხეულიძე: მიხეილ სააკაშვილს “ვივამედის” კლინიკაში, სავარაუდოდ, დღეს გადაიყვანენ
,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ეკა ხერხეულიძის ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ,,ვივამედში”, სავარაუდოდ, დღეს გადაიყვანენ.
“მიხეილ სააკაშვილის განცხადება ისე იქნა აღქმული, თითქოს, მისი მხრიდან ულტიმატუმი იყო წამოყენებული, ეს ასე არ არის. ვითარება შემდეგნაირია – ახლა ის კონდიცია გახლავთ, სადაც არცერთ შემთხვევაში პოლიტიკური სპეკულაცია, ვაჭრობა, ულტიმატუმები – ამ ფაქტებს ადგილი არ შეიძლება, ჰქონდეს.
მთავარია, დროზე მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა “ვივამედის” კლინიკაში. ის არის თანახმა. მან ადმინისტრაციას, ექიმს, უსაფრთხოების სამსახურს ამის შესახებ ჩემი თანდასწრებით განუცხადა თანხმობა. ელოდება გადაყვანას და ითხოვს შემდეგს: კანონით გათვალისწინებული ყველა ის პირი, რომელიც ისედაც უფლებამოსილია ისარგებლოს შემთხვევით, რომ შევიდეს ხოლმე პატიმრის მოსანახულებლად, თავისთავად ძალაში რჩება მაგრამ აქ არის გასათვალისწინებელი ერთი ფაქტი – ის, რომ მას სჭირდება აუცილებლად დამხმარე ადამიანი, რომელიც განაპირობებს დახმარებას იმ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით, რაც ზოგადად პაციენტს ესაჭიროება. ასეთი ტერმინი არსებობს, თავმდგომი – და დედაზე უკეთესი ამ ვითარებაში, ვიდრე ქალბატონი გიული იქნება, მიხეილ სააკაშვილი ვერ მიიჩნევს ასეთ ადამიანს.
აუცილებელია, დროულად გადაწყდეს ეს საკითხი და სულ რამდენიმე საათში მოახერხონ მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანონ კლინიკაში, ვინაიდან მისი მდგომარეობა არის უმძიმესი. მე ველოდები, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა აუცილებლად დღეს უნდა მოხდეს”, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.