პორტუგალიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის კოალიციის მინისტერიალის ფარგლებში, პორტუგალიელ კოლეგას ჟოაო გომეშ კრავინიოს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მინისტრებმა მიმოიხილეს ქვეყნებს შორის არსებული ტრადიციულად მეგობრული თანამშრომლობა და გამოთქვეს მზაობა, იმუშაონ საქართველოსა და პორტუგალიას შორის პოლიტიკური დიალოგის გააქტიურების და სხადასხვა სფეროში ურთიერთობების გაღრმავებისთვის, მათ შორის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, რომლის მიმართაც შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა პორტუგალიის სრული მხარდაჭერა.

როგორც საგარეო უწყებაში აცხადებენ, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს პროგრესს ამ გზაზე, მათ შორის ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთებასა და შესაბამისი თვითშეფასების კითხვარის შევსებას.

„აღინიშნა ევროკავშირის მხრიდან ასოცირებული ქვეყნების ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. პორტუგალიის მხრიდან კიდევ ერთხელ გამოიხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას პორტუგალიასთან ლუზოფონური ქვეყნების გაერთიანების ფარგლებში, ასევე შესაბამისი ორგანიზაციის საქმიანობაში საქართველოს ჩართულობას. მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეზე, აღინიშნა რომ საიუბილეო თარიღი არის კარგი შესაძლებლობა თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის, მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკა, კულტურა და ხალხთაშორისი კონტაქტები. მინისტრები შეთანხმდნენ ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის მაღალი დონის კავშირების ურთიერთგაცვლას“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პორტუგალიელმა კოლეგამ ილია დარჩიაშვილი ლისაბონში ვიზიტით მიიწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები