ირაკლი კობახიძე: პოლიტიკური კუთხით დისკუსიას აღარ გავაღრმავებთ, მით უმეტეს, ადვოკატის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას შესაბამის ინფორმაციას თავად მიაწვდის
“პოლიტიკური კუთხით ამ დისკუსიას აღარ გავაღრმავებთ, მით უმეტეს, ადვოკატის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას თავად მიაწვდის”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორის, ვიქტორ ყიფიანის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
კობახიძე იმედოვნებს, რომ კითხვებს პასუხები გაეცემა.
„გუშინ ჩვენ გვქონდა საუბარი ლეგიტიმურ ეჭვებთან დაკავშირებით და ეს კითხვები კიდევ უფრო მძაფრდება იმიტომ, რომ საქმე ეხებოდა არა მხოლოდ გადარიცხვებს, არამედ ეხებოდა ნახატებსა და ვერტმფრენს, სადაც იყო შეფერხება. ეს მოიხსნა, მაგრამ იყო ეს შეფერხება. შესაბამისად, რა კითხვებიც იყო, ეს კითხვები ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო აქტუალური ხდება. მაგრამ ჩვენ პოლიტიკური კუთხით ამ დისკუსიას აღარ გავაღრმავებთ, მით უმეტეს, ადვოკატის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილი თავად მიაწვდის შესაბამის ინფორმაციას საზოგადოებას. იმისთვის, რომ ჩვენ ამ თემის პოლიტიკური გაღრმავება თავიდან ავირიდოთ, სჯობს დამატებითი კომენტარები აღარ გავაკეთოთ. ზოგადად, კითხვები ამ თემასთან დაკავშირებით არის ლეგიტიმური, რატომ შეიძლება საბანკო სისტემა საკუთარ რეპუტაციას ანგრევდეს, ან კონკრეტული საცავი, ეს მე არ ვიცი ამ სპეკულაციებში ვერ შევალ. კითხვები არის ლეგიტიმური ამ ყველაფერთან დაკავშირებით და იმედია ამ კითხვებს გაეცემა პასუხები. ვიმეორებ, კითხვები არის ლეგიტიმური და დაბრკოლება ლეგიტიმური რომ არ იყო ზუსტად ამიტომ მოიხსნა ეს დაბრკოლება. ზუსტად ამიტომ გადაწყდა სამართლებრივად ეს საკითხი. ლეგიტიმური რომ ყოფილიყო დაბრკოლება, სხვანაირად გადაწყდებოდა ეს საკითხი“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორი ვიქტორ ყიფიანი შვეიცარიული ბანკის მხრიდან თანხების გადარიცხვაში შეფერხების გარდა, ივანიშვილისთვის შექმნილ რამდენიმე სხვა საეჭვო ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას. როგორც ყიფიანი განცხადებაში აღნიშნავს, მარტიდან მოყოლებული აპრილის შუა რიცხვებამდე ივანიშვილს გარკვეული შეფერხებები შეექმნა ლონდონიდან და ნიუ იორკიდან ხელოვნების ნიმუშების დროულ და შეუფერხებელ გადაადგილებაში. ყიფიანის თქმითვე, დროში უცნაურად ემთხვევა ივანიშვილის მიერ გერმანიაში ძველის ჩაბარების სანაცვლოდ შეძენილი ახალი ვერტმფრენის საქართველოში ჩამოყვანასთან დაკავშირებული გართულებაც.