ქართული ფუტურიზმის ასი წელი
წელს ქართული ფუტურიზმის ასი წლისთავი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით მწერალთა სახლში საპილოტე კრებულის „ქართული ავანგარდის“ წარდგენა გაიმართა. ისაუბრეს წიგნის რედაქტორმა ლევან გელაშვილმა, ბელა წიფურიამ და თენგიზ ჩაჩავამ.
წიგნი ეძღვნება ქართველი ავანგარდისტების (ფუტურისტების და დადაისტების) ლიტერატურულ ასპარეზზე გამოსვლიდან ასი წლის იუბილეს.
გამოცემა ქართული ავანგარდიზმის ტექსტოლოგიური (ფუტურიზმის და დადაიზმის) კრებულის შედგენის პირველი ცდაა. გასაბჭოებისას დაწყებული ავანგარდისტული პროცესების ანალიზისთვის, მეცნიერებს და ამ საკითხით დაინტერესებულ ფართო მკითხველს საშუალება ეძლევა, ერთი საუკუნის შემდეგ, ერთად თავმოყრილ ავანგარდისტულ მასალებს გაეცნოს.
კრებულში შესულია ქართველი ფუტურისტების და დადაისტების შემოქმედება (პოეზია, პროზა, გრაფიკული ნამუშევრები და პუბლიცისტიკა), რომელიც იბეჭდებოდა მათსავე ჟურნალებში: „H2SO4“, „ლიტერატურა და სხვა“, „მემარცხენეობ“ და გაზეთ „დროულში“. ქართველი ავანგარდისტების შემოქმედებასთან ერთად, კრებულში წარმოდგენილია მათი ბიოგრაფიებიც და ბიბლიოგრაფიაც.
ქართული ავანგარდიზმის ტექსტოლოგიურ კრებულში ასევე წლების მიხედვით მოცემულია XX საუკუნის 20-30-იან წლებში პერიოდულ პრესაში დაბეჭდილი ცნობები, დეკლარაციები და კრიტიკული წერილები ქართული ფუტურიზმის და დადაიზმის შესახებ.
ცნობისათვის: 1922 წლის მაისში თბილისში შედგა ქართველი ფუტურისტების პირველი საღამო და გამოქვეყნდა ქართული ფუტურიზმის პირველი მანიფესტი: „საქართველო-ფენიქსი“. მომდევნო წლებში გამოიცა ქართველი ფუტურისტების ჟურნალები და გაზეთი, სადაც დაიბეჭდა ლექსები, დეკლარაციები და თეორიული სტატიები.