მცხეთაში პოლიციელზე თავდასხმასა და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმაში და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულებს, ვარკეთილში, სპეცოპერაციისას დაკავებულ ბექა და გიორგი შენგელიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ალექსანდრე მზირიშვილმა გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და განაცხადა, რომ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით არსებობს მიმალვის რისკები.
შეგახსენებთ, ბექა და გიორგი შენგელიებს, საქართველოს პროკურატურამ, მცხეთაში მომხდარ პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდება 8 მაისს წარუდგინა.