ბაკურ ავსაჯანიშვილმა და ტარიელ ხულელიძემ სიონში „შინმოუსვლელთა ობელისკი” გვირგვინით შეამკეს
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა, მოადგილე ტარიელ ხულელიძესთან ერთად, სიონში, „შინმოუსვლელთა ობელისკი” გვირგვინით შეამკო.
„ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. ჩვენმა პატარა ქვეყანამ, საქართველომ, მსოფლიოს ჯანსაღი ძალების გამარჯვებას მეორე მსოფლიო ომში, 300 000 ადამიანი შესწირა, მათ შორის, რამდენიმე ასეული მოხევე. სამწუხაროდ, ხევს აღარ შემორჩა ომის ვეტერანები, რომლებსაც პირადად მივულოცავდით გამარჯვების 77-ე წლისთავს. ქედს ვიხრი ყველა მათგანის წინაშე. მე-2 მსოფლიო ომში შეუფასებელია ამ ადამიანების მიერ გამოჩენილი სიმამაცე და თავდადება”, – განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ მერის გადაწყვეტილებით, ისევე როგორც ცხრა აპრილის მემორიალი, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე მოხევე გმირების ობელისკიც სრულად რეაბილიტირდება.
ასევე, გაცნობებთ, რომ საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. შესაბამის განკარგულებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი უკვე მოაწერა.