გიორგი გახარია: დღეს რუსული ფაშიზმი კაცობრიობის მთავარ მონაპოვარს – თავისუფლებას საფრთხეს უქმნის

“ნაციზმზე გამარჯვება კაცობრიობის ბოროტებაზე გამარჯვება იყო. 1950 წლის 9 მაისს რობერტ შუმანმა დეკლარაცია წაიკითხა და ევროპული ინტეგრაციის პროცესი ოფიციალურად დაიწყო. მას შემდეგ ევროპელები მშვიდობიან, თანამშრომლობასა და განვითარებაზე ორიენტირებულ კონტინენტზე ცხოვრობენ”, – ამის შესახებ “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, დღეს რუსული ფაშიზმი კაცობრიობის მთავარ მონაპოვარს – თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.

“ჩვენ გვჯერა, რომ ევროპაში მშვიდობის და ევროკავშირის დამფუძნებელი ღირებულებების დაცვის საუკეთესო გზა სწორედ ერთიანობაზე გადის.

ჩვენი საერთო გამოწვევების ფონზე, მიზნის მისაღწევად ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქნება.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ევროკავშირს, მიიღოს ეს ისტორიული გადაწყვეტილება!

გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლისთავს.

განსაკუთრებით მინდა, მივულოცო ჩვენს უძვირფასეს ვეტერანებს.

პატივს მივაგებთ საქართველოს იმ 300 000 შვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლით უდიდესი წვლილი შეიტანა ამ გამარჯვების მოპოვებაში”, – წერს გახარია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები